ქართული წარმოების სმარტ ტელევიზორები ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდება

ქართული წარმოების ტელევიზორი AG შესაძლოა, ექსპორტზე ლატვიაში გავიდეს.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია AG-TELECOM-ის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა განუცხადა.

მისივე ცნობით, ქართული წარმოების LED ტელევიზორების საექსპერიმენტო, მცირე რაოდენობა აზერბაიჯანში ექსპორტზე უკვე გავიდა. 2017 წლიდან კი აზერბაიჯანში თვეში 600-დან 800-მდე ტელევიზორის გატანა იგეგმება.

„პირველი საცდელი პარტია 30-30 ცალი 32 და 40 დუიმიანი ტელევიზორი უკვე გავიტანეთ აზერბაიჯანში. ახლა კიდევ 2 ქვეყანასთან გვაქვს მოლაპარაკებები. მათ შორის ლატვიელ კოლეგებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი პროდუქციით, როგორც LED (ენერგოეფექტური) ნათურებით, ისე ტელევიზორებით,“-აღნიშნა ღლონტმა.

მისივე თქმით, უკვე დამზადებულია სმარტ-ტელევიზორების საექსპერიმენტო რაოდენობა, რომელიც ქართულ ბაზარზე სავარაუდოდ, ახალი წლიდან გამოჩნდება.

როგორც კომპანიის დირექტორმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ ტელევიზორებში ანდროიდ სისტემა ჩამონტაჟდება. რაც შეეხება ფასს - უანდროიდო ტელევიზორთან შედარებით, 15-20 ლარით უფრო ძვირი იქნება.

ქართული წარმოების ანდროიდ-ტელევიზორებს, ციფრულ და საკაბელო რესივერთან ერთად, სატელიტური რესივერიც ექნება.

ქარხანაში თვეში 8-9 ათასი ტელევიზორის წარმოებაა შესაძლებელი, თუმცა დირექტორმა აღნიშნა, რომ ძირითადად შეკვეთებზე მუშაოებენ და ტექნიკას მოთხოვნის შესაბამისად ამზადებენ.

მიხეილ ღლონტის ცნობით, კომპანია უფრო დიდი ზომის, კერძოდ 48 დუიმიანი ტელევიზორის გამოშვებაზეც მუშაობს.

ქართული ტელევიზორების მწარმოებელი ქარხანა - AG Microelectronics-ი პირველი მიკროელექტრონული საწარმოა ამიერკავკასიის რეგიონში, რომლის დამფუძნებელი კომპანია AG Telekom-ია.

საწარმო ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული სამმილიონიანი ინვესტიციების შედეგად აშენდა. მის მიერ წარმოებული LED ტელევიზორების რეალიზაცია მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო.

თაია არდოტელი