რუსეთის ტურისტული სააგენტოები ბორჯომის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს რუსეთის ფედერაციის 19 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურთან ერთად, სტუმრებმა ბორჯომი, მისი ღირსშესანიშნაობანი და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

მათივე ცნობით, სტუმრებმა დააგემოვნეს მინერალური წყლები, ესტუმრნენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, ცენტრალურ ისტორიულ პარკს, პლატოს და ტიმოთესუბნის მონასტერს.

სააგენტოს წარმომადგენლები რეკრეაციული ცენტრების-სასტუმროებსაც ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ ბალნეოლოგიური მომსახურების სახეებს.

ტურის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, მსგავსი ვიზიტები, ბორჯომში ხშირად ეწყობა, რაც თავისთავად ზრდის უცხოელი ტურისტების დაინტერესებასა და ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის პოპულარიზაციას მსოფლიოში.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზად იქნება, უმასპინძლოს მსგავსი ტიპის ვიზიტებსა და შეხვედრებს.