15 დეკემბრიდან დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში 11-ჯერ შესრულდება

ავიაკომპანია ”ყატარის ავიახაზები“ ფრენის სიხშირეს ზრდის. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იუწყება, ავიაკომპანია 15 დეკემბრიდან დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით, რეგულარულ რეისებს ნაცვლად 7 სიხშირისა, კვირაში 11 სიხშირით შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა.

”ავიაკომპანიის მიერ დამატებულ ოთხ ახალ სიხშირეზე რეგულარული ფრენები უშუალოდ დოჰასა და თბილისს შორის, შუალედური პუნქტის - ბაქოს გავლის გარეშე განხორციელდება.

საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, დოჰა-ბაქო-თბილისი-ბაქო-დოჰა საჰაერო ხაზზე ოპერირებას „ყატარის ავიახაზები“ ჩვეული განრიგის მიხედვით, ყოველდღიურად გააგრძელებს, დოჰა-თბილისი-დოჰას დამატებითი რეისები კი ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება.

ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება”, - აცხადებენ სააგენტოში.