სექტემბერში თურქეთში ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად რჩება, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.

თურქეთის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში თურქეთს ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან ეწვია. თუმცა, მათი რაოდენობაც გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 1/3-ით შემცირდა.

ქართულ ბაზარზე უკვე წლებია წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია Turkish Airlnies-ი, რომელიც მგზავრთა კომფორტულ ფრენას უზრუნველყოფს.

„მგზავრობის დასაწყისიდან დასრულებამდე ჩვენი ყოველი მგზავრის უსაფრთხოებისთვის ვართ პასუხისმგებელი“, - განმარტავს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში Turkish Airlines-ის თბილისის წარმომადგენლობის გენერალური მენეჯერი შერაფეთინ ექიჯი, - სტამბოლში და სტამბოლის გავლით მილიონობით ადამიანი მგზავრობს. როგორც ავიაკომპანია, ჩვენ ვასრულებთ საავიაციო უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს (EASA)-ს წესებს. კონტროლი ხდება ასევე როგორც სამოქალაქო ავიაციის ევროპული ორგანიზაციის,  ისე როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. ამასთან ერთად, ვმუშაობთ კონსულტანტებთან იმისთვის, რომ ჩვენი სტუმრებისთვის Turkish Airlnies-ის მომსახურება საუკეთესო იყოს“.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები 2,1 მილიონზე მეტი მგზავრს მოემსახურა, აქედან ყველაზე მეტ მგზავრს (349 ათას 187) Turkish Airlines-ი მოემსახურა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტით ყველაზე მეტმა მგზავრმა თბილისი-სტამბოლის მიმართულებით იმგზავრა.

„ბიზნესპრესნიუს“-თან საუბარში შერაფეთინ ექიჯი განმარტავს, რომ ქართულ საავიაციო ბაზარზე კონკურენტუნარიანობა იზრდება.

„ქართულ საავიაციო ბაზარზე ბევრი მოთამაშეა წარმოდგენილი, ამიტომ კონკურენცია დღითი დღე იზრდება. მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში საქართველომ უმასპინძლა 8,2%-ზე მეტ მგზავრს 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. როგორც მოსალოდნელია, წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ტურიზმის კუთხით არსებულ პროგრესს უშუალოდ ვხედავთ ჩვენს ფრენებშიც - გაზრდილია ჩვენი მგზავრების რაოდენობა. საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა თავისი ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობით, მდიდარი სამზარეულოთი და ხელოვნებით. ვცდილობთ, გავაცნოთ მსოფლიოს საქართველო, საზღვარგარეთიდან მოგზაურობების ორგანიზებით, ჩამოგვყავს ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, რათა გავაცნოთ საქართველოს სილამაზეები და ვეწევით კროს-მარკეტინგულ საქმიანობას ბევრ ქვეყანაში“, - ამბობს შერაფეთინ ექიჯი.

მისი მოლოდინით, ტურისტული დანიშნულების თვალსაზრისით, საქართველოში ზრდის ტემპი კვლავ გაგრძელდება. შერაფეთინ ექიჯი აღნიშნავს, რომ თბილისის დანარჩენ მსოფლიოსთან დაკავშირების კუთხით, Turkish Airlines-ს ქართულ საავიაციო ბაზარზე პირველი ადგილი უკავია.

„ჩვენ ვახორციელებთ ფრენებს მსოფლიოს უფრო მეტ ქვეყანაში, ვიდრე სხვა რომელიმე ავიაკომპანია. ეს აძლიერებს ჩვენს პოზიციებს სატრანზიტო გადაზიდვებში, როგორც თბილისიდან ისე თბილისში. სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ყოველდღიურად გვაქვს 3 რეისი, საბიჰა გოკჩენის აეროპორტში კი 1. ეს ნიშნავს, რომ ყოველკვირეულად თბილისიდან სტამბოლში 28 რეისს ვახორციელებთ. ზამთრის სეზონში ამ სიხშირეს არ ვამცირებთ და კვლავ ვინარჩუნებთ მოწინავე პოზიციებს ბაზარზე“, - აცხადებს შერაფეთინ ექიჯი.

თუმცა, თურქეთის კურორტებზე მიმდინარე წელს ჩასული ტურისტების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით შემცირდა, თურქეთის ტურიზმის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან თურქეთში ჩასული ტურისტების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით 31,96%-ით შემცირდა.

ანგარიშის თანახმად, 2016 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ქვეყანას ეწვია 20,25 მილიონი ადამიანი, რაც შარშანდელთან შედარებით თითქმის 10 მილიონით ნაკლებია. მაისის თვიდან, ტურისტების ნაკადი თურქეთში ყოველთვიურად 30%-ით მცირდება, აქედან ყველაზე თვალსაჩინო შემცირება დაფიქსირდა ტურისტული სეზონის პიკზე - ივნისში (40,86%) და აგვისტოში (37,96%).

ექსპერტები ტურისტული ნაკადის მკვეთრ შემცირებას უკავშირებენ სამ ძირითად ფაქტორს: ესენია კრიზისი თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაში, რის გამოც შემცირდა რუსი ტურისტების ნაკადი, გახშირებული ტერორისტული აქტები და სამხედრო გადატრიალების მცდელობა.

მიმდინარე წლის აგვისტოში თურქეთში ტურისტების შემცირება სავარაუდოდ, 16 ივლისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, როცა თურქი სამხედროების ნაწილმა გადატრიალების მოწყობა სცადა. მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერეს, დააკავეს 37 000-ზე მეტი ადამიანი, დახურეს ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება.

თურქეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მიერ იყო ორგანიზებული. ამ მოსაზრებას იზიარებს Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ილკერ აიჯიც, რომელიც გიულენთან დაკავშირებულ მოძრაობა FETO-ს „თანამედროვე ტერორიზმის ფორმას“ უწოდებს.

სტამბოლში საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბალკანეთის ქვეყნებიდან და უკრაინიდან მიწვეული ჟურნალისტებისთვის ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე ილკერ აიჯიმ Turkish Airlines-ის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, დღეს ტერორიზმი არის გამოწვევა არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელთანაც ბრძოლა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

ილკერ აიჯის განცხადებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის და ტერორისტული აქტების შემდეგ თურქეთში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. მოქალაქეების და უცხოელი ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთობლივი მუშაობით, მათ შორის Turkish Airlines-ის წარმომადგენელთა ჩართულობით ხორციელდება.

აღნიშნული ზომები შეეხო აეროპორტებსაც, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ივნისის შემდეგ, როცა სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.

„სპეცსამსახურები მუშაობენ საეჭვო პირთა გამოვლენაზე. მაგალითად, თუ შუა ზაფხულში აეროპორტში თბილი პალტო გაცვიათ, თქვენ უკვე მათი ყურადღების ობიექტი ხართ. მოგეხსენებათ, როცა ივნისში ათათურქის სახელობის აეროპორტში ტერაქტი განხორციელდა, ერთ-ერთი თვითმკვლელი იქ ტაქსით მივიდა და თბილი მოსაცმელი ეცვა, რომელშიც იარაღს მალავდა“, - განმარტავს ილკერ აიჯი.