დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრად დანიშვნაზე - მე ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს

ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა,

- ასე გამოეხმაურა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას.

ქუმსიშვილმა აღნიშნულზე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

„ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და პრემიერ-მინისტრმა უნდა თქვას ამის შესახებ. ძალიან ბევრი კონსულტაცია მიმდინარეობს. მე ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბარში.

მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც 2030.news-ისთვის გახდა ცნობილი, თანამდებობა შესაძლოა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დატოვოს, აღნიშნული პოსტი კი პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაიბაროს. თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურა სახელდება.