2017 წლის ბოლომდე საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება

თანამედროვე მსოფლიოში ელექტრონული ავტომობილების რაოდენობა დღითიდღე მატულობს.

ამ მხრივ მოწინავე ქვეყნებს აშკარად ჩამოვრჩებით, თუმცა ეს ტენდენცია თანდათან საქართველოშიც იგრძნობა. ამჟამად საქართველოში 50-მდე ელექტრომობილია, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ არის ელექტროგასამართი სადგურები, რაც ელექტრომობილების მომრავლებას ყველაზე მეტად უშლის ხელს. როგორც ამ მანქანების მფლობელები ამბობენ, ელექტრომობილის ფასი 30 ათასი დოლარიდან 150 ათას დოლარამდე მერყეობს. ელექტრომობილი ტექნიკის უახლესი მიღწევაა, თუმცა ამ მანქანის ნაკლი ის არის, რომ ერთი დატუმბვით მხოლოდ 170-200 კილომეტრის გავლას ახერხებს. სპეციალისტები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და 2-3 წელიწადში ელექტრომობილები უფრო დიდი მანძილის გავლასაც შეძლებენ. ამის კარგი მაგალითია „ტესლას“ ელექტრომობილი, რომელსაც 350-400 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია.

რამდენიმე დღეში კუს ტბის ასახვევთან და ევროპის მოედანზე ელექტრომობილების დასატუმბი სადგურები გაიხსნება. როგორც კომპანია E-space-ის დირექტორმა სულხან გვალიამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დრომდე ელექტრომობილების დამტენი სადგური საქართველოში არ იყო, მაგრამ კვირის ბოლოს უკვე გაიხსნება 2 საჯარო დასამუხტი სადგური, ხოლო წლის ბოლომდე სულ ცოტა 25 სადგური გაიხსნება.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ქალაქებში 100 ასეთი სადგური გაიხსნება. ამ ეტაპზე საქართველოში ელექტრომობილების მომრავლებას ხელს ის უშლის, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. ჩვენი სურვილია ასეთი ინფრასტრუქტურა შევქმნათ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ელექტრომობილების წილი ბაზარზე ძალიან გაიზრდება, მით უმეტეს, რომ ეს მანქანები თანდათან იაფდება. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 50 ელექტრომობილი დადის, მათი დიდი ნაწილი კერძო სექტორის საკუთრებაა, რამდენიმე მათგანი კი, უცხოეთის მთავრობების მიერ არის ნაჩუქარი“, - აღნიშნა სულხან გვალიამ.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, ექსპერტ შალვა ოგბაიძის თქმით, უკვე 3 წელია ელექტრომობილი ჰყავს და არაჩვეულებრივი მანქანაა.

„ელექტრომობილის მუშაობა ელექტროძრავზეა დამოკიდებული, რის გამოც ეს ძალიან ეკონომიური მანქანაა. თითქმის 3 წელია, რაც ელექტრომობილი მყავს და ამ მანქანას ჯერ ნათურაც კი არ გადაწვია. საშუალო დონის ავტომობილი, რომელიც თბილისში დადის, 100 კილომეტრზე დაახლოებით 20 ლარის საწვავს მოიხმარს, ხოლო ჩემი ელექტრომობილი იმავე ას კილომეტრზე სულ რაღაც 1,5-2 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს - განსხვავება მართლაც რომ შთამბეჭდავია. რაც შეეხება დინამიკას, ასეთი დინამიკით ბევრი ავტომობილი ვერ დაიტრაბახებს. მართალია, ელექტრომობილს მაქსიმალური სიჩქარე ნაკლები აქვს, მაგრამ დიდ ქალაქებში არც არის საჭირო დიდი სიჩქარის გამოყენება. მისი სიჩქარე ქალაქის პირობებში ძალიან მისაღებია“, - აღნიშნავს შალვა ოგბაიძე.

ხომ არ დაუპირისპირდება ელექტრომობილებს ნავთობის ბიზნესი? - ამ შეკითხვაზე ფედერაციის პრეზიდენტმა გვიპასუხა, რომ 1970-იან წლებში აშშ-ში იყო პირველი მცდელობა ელექტრომობილების მასობრივი გამოსვლისა, მაგრამ მაშინ ამ ავტომობილების დაკონსერვება მოახერხეს.

"ახლა კი, შემიძლია „დავამშვიდო“ „ოპეკის“ წევრი ქვეყნები, რომ დღეს მსოფლიოში მილიონობით მანქანა მოძრაობს და მთელი მსოფლიოს გენერაცია არ ეყოფა ამ ავტომობილების ელექტროენერგიით მომარაგებას, ამიტომ უახლოესი 30-40 წელიწადი სხვადასხვა სახეობის ავტომობილების მშვიდობიანი თანაარსებობის ეპოქა იქნება. უბრალოდ, ტექნოლოგიები იხვეწება, რის გამოც ელექტროენერგიის მოპოვება და შენახვა უფრო გაადვილდება, ამიტომ ელექტრომობილები ყოველ წელს გაიაფდება", - მიიჩნევს შალვა ოგბაიძე.

შალვა ოგბაიძის თქმით, ყველა მოწინავე ქვეყანაში მოქმედებს პროგრამა, რომელიც ელექტრომობილების წახალისებას ითვალისწინებს.

„იაპონიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, თუ ელექტრომობილს შეიძენთ, სახელმწიფო მისი ფასის 20%-ს დააფინანსებს. საქართველოში შემოყვანისას კი, მფლობელს ჯერ მხოლოდ განბაჟების გადასახადს არ ახდევინებენ. უახლოესი 20-30 წელი ე.წ. ჰიბრიდულ ავტომობილებს და ელექტრომობილებს ეკუთვნის, ოღონდ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების პარალელურად. ელექტრომობილები, ან ჰიბრიდული ავტომობილები სრულად ვერ გამოდევნიან ჩვეულებრივ, საწვავზე მომუშავე ავტომობილებს“, - აცხადებს ოგბაიძე.

ამ მოსაზრებას ეთანხმება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილიც.

„მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ფიქრობენ ელექტრომობილების წარმოების განვითარებაზე. ელექტრომობილს ძალიან ბევრი პლუსი აქვს, რაც მთავარია, ეს ავტომობილი ეკოლოგიურად სუფთაა და გარემოს მინიმალური დოზით აბინძურებს. მას არ სჭირდება საწვავი და ესეც დიდი შეღავათია, რადგან საწვავის ფასის მატებაზე მუდმივად არის ლაპარაკი. ეს თითოეული მომხმარებლისთვის მტკივნეულად აღიქმება, ამიტომ განვითარებული ქვეყნები ცდილობენ ელექტრომობილების წარმოება გაზარდონ. ამ ავტომობილებს მომავალში ალტერნატივა არა აქვს თუნდაც იმის გამო, რომ ნავთობი მილევადი პროდუქტია. უახლოეს 60-70 წელიწადში ნავთობის ფასი შეიძლება იმდენად მაღალი იყოს, რომ მისი გამოყენება არაეფექტიანი გახდეს“, - აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.

მისი აზრით, საწყის ეტაპებზე ელექტრომობილების მომრავლებას სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი, რადგან დღეს ამ მანქანების ბაზარი საქართველოში არ არის. „უახლოეს პერიოდშიც, მათი მომრავლება ნაკლებად მოსალოდნელია, ამიტომ ისინი კონკურენციას ვერ გაუწევენ საწვავზე მომუშავე მანქანებს. თუ სახელმწიფო წაახალისებს, მაშინ შეიძლება ელექტრომობილების რიცხვი საქართველოში თანდათან გაიზარდოს“, - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე