გზების მშენებლობა-მოდერნიზაციის მიზნით, რამდენიმე მიმართულებით ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა-მოდერნიზაციის მიზნით , საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, საერთაშორისო ტენდერი რამდენიმე მიმართულებით გამოაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები შემდეგ მიმართულებებზე წარმოადგინეს:

წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად ჟინვალი-ლარსის გზისთვის;

დეტალური პროექტის მოსამზადებლად ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის;

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის გზებისთვის;

დეტალური პროექტის მოსამზადებლად თბილისი-საგარეჯოს და საგარეჯო-ბაკურციხის გზების განახლებისთვის;

წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად, სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზისთვის (ანაკლიის საზღვაო პორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით);

ასევე, გაიხსნა ტენდერში მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები, ძირულა-ხარაგული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, დეტალური პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის მოსამზადებლად.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.