რა ეკონომიკურ ცვლილებებს უნდა ველოდეთ ახალი პარლამენტისგან?

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს.

ახალი მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ეკონომიკური ცვლილებებია მოსალოდნელი უახლოეს 4 წელიწადში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრის თემურ მაისურაძის განცხადებით, პირველ რიგში ისეთი კანონპროექტების მიღებას უნდა ველოდეთ, რომლებმაც განხილვის გარკვეული ეტაპები უკვე გაიარა და გადაწყვეტილების მიღებასთანაც ახლოს იყო.

ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონი - კანონპროექტი თითქმის მომზადებულია და მისი მიღება აქტუალური იქნება. დღევანდელი რეალობა ასეთია, რომ ფაქტობრივად ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ გვაქვს და საბანკო სექტორი ფლობს მისი კონკურენტი დარგის საკონტროლო პაკეტს.

საპენსიო რეფორმა - მომავალი წლის პირველ ნახევარში ამ მხრივ ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება, რადგან დაგროვებითი პენსიის შემოღებასთან დაკავშირებით თითქმის ყველა ეტაპი გავლილია, მათ შორის საპარლამენტო განხილვები, ასევე მომზადებულია საექსპერტო დასკვნებიც.

რეგულირების გავლენის შეფასების სისტემა - რომლის მიზანიც იქნება როგორც ახალი საკანონმდებლო ინიციატივების, ისე არსებული საკანონმდებლო აქტების გავლენის შეფასება ბიზნესგარემოსა და ეკონომიკაზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირება - სავარაუდოდ, გაგრძელდება მიკროსაფინანსოების რეგულირების დახვეწისკენ მიმართული მუშაობა. ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ რეგულირებაზე, არამედ სხვა კომპონენტებზე, რაც მიკროსაფინანსოებს არეალის გაფართოების საშუალებას მისცემს.

ონლაინ სისტემების შესახებ კანონი - ზოგადად ონლაინ სესხების სფეროს რეგულირების შესახებ, რაღაც სახით პროექტი ეკონომიკის სამინისტროს უკვე აქვს, თუმცა მისი საექსპერტო დონეზე განხილვა იქნება საჭირო.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვისა და საჯარიმო სისტემების გამკაცრების შესახებ ცვლილებები, რადგან მსგავს მტკივნეულ ცვლილებებს სწორედ ახალი ხელისუფლება იღებს ხოლმე.

ანტიდემპინგური კანონი - რომლის მიღებაც 2 წლის წინ დაანონსდა. კანონის შემოღების მიზანი ადგილობრივი წარმოების არასამართლიანი კონკურენციისგან დაცვა უნდა ყოფილიყო.

კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ - არსებული პროექტის მიხედვით მომხმარებელს უფლება აქვს, შეძენილი პროდუქცია 7 დღის განმავლობაში დააბრუნოს და გადახდილი თანხა უკან მიიღოს. დისტანციური და ქუჩაში დადებული ხელშეკრულებების შემთხვევაში კი ეს ვადა 14 დღეს შეადგენს.

თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელება - ამ ცვლილებების განხორციელება, რაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვას გულისხმობს, ქვეყანას აუცილებლად მოუწევს, რადგან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან არის მიბმული.