ქართველი მოსწავლეების 43% თამბაქოს მომხმარებელია

ქართველ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%-ია , - ამის შესახებ ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელ ევროპის სასკოლო კვლევაშია (ESPAD) ნათქვამი. კვლევის პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

საერთაშორისო კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს საქართველოც შეუერთდა. ნოემბერში საქართველოში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 190-მა სკოლამ. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2477 სრულად შევსებული კითხვარი, მათგან 1961 მოსწავლე 1999 წელს არის დაბადებული.

მკვლევარების თანახმად, კვლევა რეპრეზენტატულია და მისი განზოგადება, საქართველოში მცხოვრებ 16 წლის ყველა მოსწავლეზე შეიძლება.

საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოწევა გოგონებში უფრო ნაკლებად გავრცელებულია- 30%, ვიდრე ბიჭებში - 54%.

მოსწავლეთა 21%-მა (ბიჭების 28%-მა და გოგონების 13%-მა) მოწევა პირველად 13 წლის, ან უმცროს ასაკში სცადა. მოსწავლეთა 4% აღნიშნავს, რომ ყოველდღიური მოწევა 13 წლის ასაკში, ან უფრო ადრე დაიწყო.

60%-მა განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი, ან ძალიან ადვილია. მოსწავლეთა 4%-მა ელექტრონული სიგარეტი პირველად 13 წლის, ან უმცროს ასაკში მოწია და 1%-მა ამ ასაკში მისი ყოველდღიური გამოყენება დაიწყო.

კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.