საქართველოში მოსწავლეების 11%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში

კვლევის თანახმად, საქართველოში მოსწავლეების 11%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი).

ამის შესახებ ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელ ევროპის სასკოლო კვლევაშია (ESPAD) ნათქვამი. კვლევის პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

საერთაშორისო კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს საქართველოც შეუერთდა. ნოემბერში საქართველოში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 190-მა სკოლამ. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2477 სრულად შევსებული კითხვარი, მათგან 1961 მოსწავლე 1999 წელს არის დაბადებული.

მკვლევარების თანახმად, კვლევა რეპრეზენტატულია და მისი განზოგადება, საქართველოში მცხოვრებ 16 წლის ყველა მოსწავლეზე შეიძლება.

საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბიჭებში მარიხუანას ან ჰაშიშის (კანაფი) გამოყენება გაცილებით მაღალია. მოსწავლეების 2%-მა მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი) 13 წლის ან უმცროს ასაკში გასინჯა.

ქართველ მოსწავლეთა შორის მარიხუანას ან ჰაშიშის გარდა, ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია - ტრანკვილიზატორები და სედატიური საშუალებები ექიმის დანიშნულების გარეშე - 11%, რასაც მოჰყვება ”მაგიური სოკოები” -3%, ტაბლეტები (მედიკამენტები) ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად ”კაიფის” მისაღწევად 3%, ”ბიო” სპაისი - 2.6%, ჰალუცინოგენები 2% და ტკივილგამაყუჩებლები ”კაიფის” მისაღწევად 2%.

მოსწავლეების მიერ ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ ნარკოტიკებად მიიჩნევა კანაფი, ტრანკვიოლიზატორები/სედატიური საშუალებები, ექსტაზი და ”ბიო” სპაისი.

კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.