მოსწავლეთა 14%-ს უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ფულზე უთამაშია

კვლევის თანახმად, მოსწავლეთა 14%-მა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ფულზე უთამაშია.

ამის შესახებ ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელ ევროპის სასკოლო კვლევაშია (ESPAD) ნათქვამი. კვლევის პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

საერთაშორისო კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს საქართველოც შეუერთდა. ნოემბერში საქართველოში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 190-მა სკოლამ. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2477 სრულად შევსებული კითხვარი, მათგან 1961 მოსწავლე 1999 წელს არის დაბადებული.

მკვლევარების თანახმად, კვლევა რეპრეზენტატულია და მისი განზოგადება, საქართველოში მცხოვრებ 16 წლის ყველა მოსწავლეზე შეიძლება.

კვლევაში ერთ-ერთი თავი ინტერნეტს, თამაშსა და აზარტულ თამაშებს ეხება. ინტერნეტით სარგებლობის საშუალო რაოდენობა კვირაში 3.8 დღეა. ყველაზე პოპულარული ინტერნეტ აქტივობებია სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია - 64%, მუსიკის, ვიდეოების, ფილმების გადმოწერა/ონლაინ ნახვა - 48% და კითხვა, გვერდების ნახვა, ინფორმაციის ძიება, ა.შ. -36%.

მოსწავლეთა აზრით, ისინი ძალიან დიდ დროს უთმობენ სოციალურ მედიას.