სასტუმრო „საქართველოს“ ყოფილ შენობაში ახალი სასტუმრო აშენდება

სასტუმრო "საქართველოს" ყოფილი შენობა, რომელშიც ბიზნესმენი დავით კოდუა "ჰილტონის" მსოფლიო ბრენდის სასტუმროს გახსნას გეგმავდა, გაიყიდა. როგორც კოდუამ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, შენობის 73%-იანი წილი არაბულმა კომპანიამ იყიდა.

მისივე ცნობით, ტერიტორიაზე სასტუმრო „ლა ვერდა“ აშენდება.

კოდუა ამბობს, რომ წილი ვალების გასასტუმრებლად გაყიდა. ბიზნესმენი არ აკონკრეტებს, თუ რა თანხა გადაიხადა ინვესტორმა, მაგრამ აღნიშნავს, რომ დავალიანების დასაფარად საკმარისი იქნება.

რაც შეეხება სასტუმრო „საქართველოს“ დარჩენილ 27%-ს, კოდუას ცნობით, 17% კვლავ მის საკუთრებაშია, რომლის გაყიდვასაც ამ ეტაპზე არ გეგმავს, დანარჩენი 10%-იანი წილის მფლობელი კი გურამ ახრახაძეა.

თავის დროზე დავით კოდუა სასტუმრო „საქართველოს" შენობაში „ჰილტონის" ბრენდის შეყვანას გეგმავდა. თუმცა, პროექტის განხორციელება შენობაში შესახლებული 65 დევნილი ოჯახის გამო რამდენჯერმე გადაიდო.