თურქული ბრენდები - Penti და Dagi ქუთაისში ფაბრიკებს გახსნიან

ქუთაისში სამკერვალო ფაბრიკებს თურქული ბრენდები Penti და Dagi გახსნიან. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივნის ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის თქმით, კომპანიები ინვესტიციების განხორციელებას მომავალ წელს გეგმავენ.

როგორც ოსმან ჩალიშქან-მჟავანძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ორი ბრენდის 15 ქარხანა, ქუთაისში 150 ჰექტარზე განთავსდება. ამ კუთხით საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ადგილი შერჩეულია.

ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის თქმით, ფაბრიკების განთავსებისთვის ქუთაისი სპეციალურად შეირჩა, რადგან იქ ბევრი უმუშევარი ცხოვრობს. მისივე განცხადებით, Penti-სა და Dagi-ს ქარხნებში ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება, ერთ ქარხანაში 1000, მეორეში კი 2000 ადამიანი.

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ინფორმაციით, მხარეები 16 ნოემბერს სტამბოლში ბიზნესფორუმზე დარჩენილ დეტალებს განიხილავენ.

Penti და Dagi ქალისა და მამაკაცის თეთრეულის მწარმოებელი ბრენდებია.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე

თათია ახვლედიანი