"ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე და თაბორის მთის კალთაზე 11 669 ხიდან მხოლოდ 3 500 ხეა საღი"

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე და თაბორის მთის კალთაზე ხე-ნარგავების შესწავლისას 11 669 ხიდან მხოლოდ 3 500 ხეა საღი , - ამის შესახებ საქართველოს "თანაინვესტირების ფონდის" მმართველმა დირექტორმა ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში ცოტნე ებრალიძემ ჟურნალისტებს დღეს საკრებულოში განუცხადა.

თბილისის საკრებულოში ამ წუთებში დეპუტატები განიხილავენ კრწანისის რაიონში ოქროყანის დასახლება ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის, კერძოდ გოლფის სათამაშო მოედნების, ხელოვნური ტბის, ღია სპორტული მოედნების, საფეხმავლო ბილიკების, გოლფ კლუბის და სასტუმროს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების საკითხს.

სხდომის დაწყებამდე "თანაინვესტირების ფონდის" მმართველმა დირექტორმა ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში ცოტნე ებრალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგეგმება სარეკრეაციო ზონის შექმნა.

„განაშენიანება ხდება ტერიტორიის 2%-ზე. დანარჩენზე იქნება გოლფის მოედნები, სპორტული მოედნები, მწვანე ზონები, სასეირნო ბილიკები და სხვა. ხეების მდგომარეობასთან დაკავშირებით ტერიტორია შევისწავლეთ, ჩატარდა კვლევა და მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა. აღრიცხული გვაქვს სათითაოდ თითეული ხე. შესწავლილი 11 669 ხიდან სამწუხაროდ მხოლოდ 3 500 ხეა საღი. ხეების დანარჩენი რაოდენობა არის ხმელი ან დაავადებული. ის, თუ კონკრეტულად რომელი ხეების მოჭრა ან გადარგვა მოგვიწევს, დამატებითი შესწავლის საგანია, რადგან დაახლოებით 6 500-ზე მეტი ხე არის დაავადებული. თითოეულ ამ ხესთან ჩვენ უნდა დავსახოთ კონკრეტული მოქმედებები, რომელ ხეს როგორ ვუმკურნალოთ და რა ხეების გადარჩენა შეიძლება. თუმცა აქ შეიძლება ვთქვათ, რომ შენობების დასადგმელად 65 ხე იქნება მოსაჭრელი, მათგან 9 ხე არის საღი, 5 ხეს გადავრგავთ და მხოლოდ 4 მოიჭრება“, - განაცხადა ცოტნე ებრალიძემ.

მისივე თქმით, მათ ფინანსურ ინტერესებში შედის გადაარჩინონ რაც შეიძლება მეტი ხე და თუ ტერიტორიიდან მეტი ხის გატანა მოუწევთ, მომავალში მათი ახალი ხის ნერგებით ჩანაცვლება გახდება საჭირო.

„ამ ხეების გაზრდაზე, ირიგაციაზე ჩვენ უფრო მეტი თანხების დახარჯვა მოგვიწევს, ვიდრე მათ შენარჩუნებაზე, ასე რომ, ჩვენი ფინანსური ინტერესია შევინარჩუნოთ ხეები. დაავადებულებს ვუმკურნალოთ ან ტერიტორიიდან დროულად გავიტანოთ“, - განაცხადა ცოტნე ებრალიძემ.

მისივე თქმით, ხე-ნარგავების შესწავლის პროცესი ყველასთვის ღია და გამჭვირვალე იქნება.