ჯანდაცვის სამინისტრო ნაზი სეფიაშვილს, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისში გადაყვანას, ხოლო მის შვილს დასაქმებას სთავაზობს

ჯანდაცვის სამინისტრო ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრებ ნაზი სეფიაშვილს, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისში გადაყვანას, ხოლო მის შვილს ალბერტ სეფიაშვილს დასაქმებას სთავაზობს.

სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სეფიაშვილი მისი და მისი შვილის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს. ამ ოჯახში აღნიშნული დედა-შვილი ცხოვრობს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, თუკი სეფიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას დათანხმდება, მას 24-საათიანი მოვლა-მზრუნველობა, კვება და სამედიცინო მომსახურება ექნება.

ამასთან, როგორც სამინისტროში განმარტავენ, სეფიაშვილის ოჯახი არის მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე, ის იღებს პენსიას 180 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახის კიდევ ერთი წევრი ალბერტ სეფიაშვილი შრომისუნარიანია, თუმცა დასაქმებასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტომ მას დახმარება რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც უარი თქვა.

”მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეო სიუჟეტმა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრები სეფიაშვილების ოჯახის შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოჯახი რამდენჯერმეა გადამოწმებული, მაგრამ სამწუხაროდ, 2015 წლიდან მაღალი სარეიტინგო ქულის გამო ოჯახი აღარ არის საარსებო შემწეობის მიმღები. ოჯახში მყოფი მოხუცი, ნაზი სეფიაშვილი იღებს ასაკის პენსიას - 180 ლარს და აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზნობრივი - საპენსიო პაკეტი. ოჯახის მეორე წევრი ალბერტ სეფიაშვილი შრომისუნარიანი პირია, დეკლარაციის მიხედვით, მას ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა არ აღენიშნება. გამომდინარე იქიდან, რომ ალბერტ სეფიაშვილი შრომისუნარიანია, მას სააგენტოს მხრიდან რამდენჯერმე შესთავაზეს დასაქმება, თუმცა მან დასაქმებისადმი ინტერესი არ გამოხატა. ამის მიუხედავად, ალბერტ სეფიაშვილს კიდევ ერთხელ შესთავაზებენ დასაქმებას, რათა ოჯახს გაუჩნდეს დამატებითი შემოსავალი. ამ ღონისძიებების შემდეგ, თუკი ოჯახი ვერ შეძლებს მოხუცი ქალბატონისთვის ნორმალური პირობების უზრუნველყოფას, სახელმწიფო ქალბატონ ნაზის შესთავაზებს სახელმწიფო სერვისში გადაყვანას, სადაც მას 24 საათიანი მოვლა-მზრუნველობა, კვება და სამედიცინო მომსახურება ექნება”, - აცხადებენ სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ოჯახს გააჩნია საკმაოდ მოზრდილი ფართის სახლი, მიწის ნაკვეთი, რომელიც პოტენციურად შემოსავლის მომტანია და ამასთან ერთად, ალბერტ სეფიაშვილს აქვს არარეგულარული შემოსავალი.

”ოჯახის ორივე წევრს ჰყავს თითო, გარეთ მცხოვრები შვილი, რომლებიც ასევე მათ დამხმარეებად ითვლებიან. სოციალური მომსახურების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დამატებით შეისწავლის ოჯახის საჭიროებებს და უახლოეს დღეებში დაეხმარება ყველა საჭირო პროდუქტით”, - აცხადებენ სამინისტროში.