ომი, როგორც ბიზნესი - 30 მლრდ-იანი დანაკარგის შემდეგ, ჩინეთი სირიის კონფლიქტში ერთვება

უახლოეს მომავალში სირიის კონფლიქტში, რომელსაც დასასრული არ უჩანს და რომლის დაწყების მიზეზიც, ინტერნეტში "ჩახედვის" გარეშე, ალბათ ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, მალე ახალი ქვეყანა ჩაერთვება. რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების დაცვისთვის პეკინი ემზადება. ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა.

პეკინი სირიის კონფლიქტში ჩარევისგან დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს თითქოს არც იმჩნევდა. თუმცა სირიის ომის შედეგად დაკარგულმა 30 მილიარდმა დოლარმა პეკინს აქტიური ქმედებებისკენ უბიძგა. როგორც ამბობენ - "არაფერი პირადი, ეს მხოლოდ ბიზნესია".

ერთი შეხედვით პერიფერიაზე მყოფი ჩინეთი, სირიის მოვლენებს აქტიურად აკვირდება. ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში მოსკოვთან ერთად პეკინმა დასავლეთის მიერ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების ინიციატივას ვეტო დაადო.

ამჟამად სირიის საკითხში ჩინეთი ორ ცეცხლს შუა არის მოქცეული. ერთის მხრივ, პეკინი ომით განადგურებულ სირიაში ჩადებული ინვესტიციების დაცვას ცდილობს. მეორეს მხრივ კი საუდის არაბეთის და ყატარის ინტერესების გათვალისწინება უწევს. საქმე ისაა, რომ ათწლეულების განმავლობაში საუდის არაბეთი ჩინეთისთვის ნავთობის, ყატარი კი - ბუნებრვი აირის მთავარი მიმწოდებლები იყვნენ. სიტუაცია მხოლოდ 2015 წელს შეიცვალა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, პირველად 10 წლის განმავლობაში რუსეთმა საუდის არაბეთი ჩინეთში ექსპორტირებული ნავთობის მოცულობით დაჯაბნა - 3,92 მლნ ტონა 3,05 მლნ ტონის წინააღმდეგ.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩინეთი სირიის ომში იქ მიმდინარე ნგრევის და მსხვერპლის შესაჩერებლად მიეშურება, მინდა გითხრათ, რომ ცდებით. არა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პეკინს ჰუმანიზმიც ამოძრავებს, მაგრამ ბუნებრივი რესურსები აქ დომინანტ როლს თამაშობს. სირია ძალზე მსუყე ლუკმაა და პეკინიც სწორედ ამიტომ ცდილობს აქ ფეხის მოკიდებას - სხვამ რომ არ დაასწროს.

სირიით პეკინი 2000-იანი წლების დასაწყისში დაინტერესდა. შემდგომი წლების განმავლობაში მის ეკონომიკაში აზიურმა გიგანტმა 30 მლრ დოლარი ჩადო და ქვეყანაში ნავთობის პრაქტიკულად

Advertisement

მთავარი მომპოვებელი გახდა. სრული მონოპოლიის დამკვიდრებას 2012 წელს დაწყებულმა "არაბულმა გაზაფხულმა" შეუშალა ხელი.

სირიაში სამოქმედოდ ჩინეთმა საკანონმდებლო ბაზის მომზადებაც მოასწრო. მიღებული კანონპროექტით შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარების უფლება მიეცა.

ოფიციალური მონაცემებით, პეკინი უკვე დიდი ხანია ასადის რეჟიმს სამხედრო უნიფორმას, სატვირთო ავტომობილებსა და ცეცხლსასროლ იარაღს აწვდის. არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო დახმარებამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს.

ამავდროულად ჩინეთს, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს, საბრძოლო გამოცდილების მიღებაც სურს. მალისა და სამხრეთ სუდანში სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა ჯარის საბრძოლო შესაძლებლობების სრული შემოწმება-გამოცდისთვის საკმარისი არ არის.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE