მსხვილმა უკრაინულმა სავაჭრო ქსელმა შესაძლოა, ქართული ბაზარი დატოვოს

სუპერმარკეტების ქსელი „ფურშეტი“ შესაძლოა, დაიხუროს.

ამის მიზეზი კი სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ გაუსტუმრებელი ფინანსური დავალიანებაა. თუმცა, მსგავსი პრობლემა არაერთ მსხვილ სავაჭრო ქსელს აქვს.

როგორც სავაჭრო სფეროს სპეციალისტი, სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის“ დამფუძნებელი ივა ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, “ფურშეტი“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და საკმაოდ კაბალურ სიტუაციაში უწევს ყოფნა, ამიტომ ისიც კი საინტერესოა, აქამდე როგორ მოაღწია.

ივა ჭყონიას თქმით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია „ლა ფემილიც“, რომელიც რეალურად უკვე დაიხურა და ქართულ „რითეილ კომპანიად“ გადაკეთდა. კომპანია ამ ეტაპზე ორი მაღაზიითაა წარმოდგენილი, თუმცა დიდი ალბათობით ეს მაღაზიებიც იგივე ბედს გაიზიარებს.

არაერთი მცდელობის მიუხედავად „ბიზნესპრესნიუსი“ სუპერმარკეტების ქსელ „ფურშეტს“ ვერ დაუკავშირდა. კომპანია „ქართული რითეილის“ კომერციულმა დირექტორმა მაკა კვარაცხელიამ კი აღნიშნა, რომ „ლა ფემილის“ დახურვა არ არის მოსალოდნელი და მეტიც, ქსელი განვითარებას და ორი ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს.

„დღეს გვაქვს 3 მოქმედი მაღაზია. „პრაიმ ჯგუფი“ გაკოტრდა და იქ რაიმე თაღლითურ სქემებს არ ქონია ადგილი. „ლა ფემილი“ კი ახალმა კომპანიამ განვადებით იყიდა ანუ კომპანიის ფინანსური ვალდებულებები თავის თავზე აიღო. რაც შეეხება სადისტრიბუციო კომპანია „გრანდს“, ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც „რითეილთან“ ხელშეკრულება გააფორმა და ვალი „რითეილს“ გადმოაკისრა, მაგრამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ თანამშრომლობის სხვა პირობები წამოაყენა, რაც არ იყო ჩვენთვის საინტერესო და ქსელში აღარ შემომყავს,“-აღნიშნა კვარაცხელიამ.

ივა ჭყონია კი სავაჭრო ქსელის თაღლითური სქემით მოქმედებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „პრაიდ ჯგუფისა“ და „რითეილ ჯგუფის“ დამფუძნებლებს შორის ურთიერთკავშირია. მისივე ცნობით, უახლოეს მომავალში გეგმავს ამ სავაჭრო ქსელთან დაკავშირებით, შესაბამის ორგანოებს მიმართოს.

„ქართული რითეილის“ მფლობელის ვინაობაზე კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჩვენთან არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის უფლება არ აქვს.

„კომპანიების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ძალიან მინიმალურია, ფართიც კი სადაც ოპერირებენ, ნაქირავები აქვთ. შესაბამისად, მარტივად აცხადებენ თავს გადახდისუუნაროდ. შემდეგ კი აარსებენ ახალ კომპანიას. თუმცა, არ ხდება გამოძიება, თუ რატომ გამოცხადდა გადახდისუუნაროდ, როგორ და ვის მიერ ხდება ახალი კომპანიის დაარსება. ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან სავაჭრო ობიექტებზე მეტი ყურადღებაა საჭირო. დასახვეწია კანონმდებლობაც, რადგან ერთი მხრივ სასამართლო პროცესი იწელება დროში და მეორე მხრივ კი „თაღლითური სქემით“ მოქმედი კომპანიისა თუ მფლობელის დასჯის პრევენცია არ არსებობს“, - აღნიშნა ჭყონიამ.

სუპერმარკერტების ქსელი „ფურშეტ ჯორჯია “, რომელიც 100-ზე მეტ მაღაზიას ფლობს უკრაინაში, 2012 წლის 21 ნოემბერს შემოვიდა საქართველოს ბაზარზე. "ლა ფემილის" პირველი მაღაზია კი თბილისში 2015 წლის აპრილში გაიხსნა.

თაია არდოტელი