დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ განაშენიანების გეგმაზე - ხეების მოჭრის საკითხი ჯერ არ დამდგარა

ხეების მოჭრის საკითხი ჯერ არ დამდგარა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ”რუსთავი 2”-ის ეთერში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ და თაბორის მთაზე განაშენიანების გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც გუშინ საკრებულომ დაამტკიცა.

მისი თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმა არის ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც ამ ტერიტორიის საკმაოდ საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს.

”განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელზეც დედაქალაქის საკრებულომ იმსჯელა, არის ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც ამ ტერიტორიის საკმაოდ საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს. მათ შორის დაგეგმილია გოლფ კლუბის გაკეთება, დამატებით გამწვანდება ტერიტორია. კონკრეტული დენდროლოგიის პროექტი მომზადების სტადიაზეა და ის აუცილებლად იქნება შემოტანილი”, - განაცხადა ნარმანიამ.

გუშინ, თბილისის საკრებულოში 24 ხმით 5-ის წინააღმდეგ საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კრწანისის რაიონში, ოქროყანას დასახლებაში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გაშენებას.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ და თაბორის მთაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცებას თბილისის საკრებულოში ხმაური მოჰყვა. საკრებულოს სხდომის დასაწყისში აღნიშნული საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ითხოვდა.

მისი თქმით, საკრებულოს უმრავლესობამ ძალიან სწრაფად, მოუმზადებლად, არასრულყოფილი დოკუმენტაციის პირობებში დაამტკიცა ბოტანიკული ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე და იქ მიმდებარედ არსებულ 300 000 კვ/მ ფართობზე განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე ათასობით ხის მოჭრას გულისხმობს.