დატოვებს თუ არა ფინანსთა მინისტრი თანამდებობას, თვის ბოლომდე გახდება ცნობილი

მე ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ამ თვის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ, დანარჩენს ყველაფერს პრემიერ-მინისტრი იტყვის , - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტების შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ.

როგორც ხადურმა აღნიშნა, იგი აგრძელებს მუშაობას. შეკითხვებს: არის თუ არა კონსულტაციები მასთან ან შესაძლებელია თუ არა ვიხილოთ სხვა თანამდებობაზე, ხადურმა არ უპასუხა.

ფინანსთა მინისტრს ასევე კითხვით მიმართეს, არის თუ არა ჩართული ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში, რომელიც გუშინ დაიწყო. ხადურმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით კონსულტაციებში ჩართული არ არის. მისთვის ასევე უცნობია, დაიწყო თუ არა მთავრობის შემადგენლობის ფორმირება პრემიერ-მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პრემიერის კომპეტენციაა და ამ კითხვებით ჟურნალისტებმა სწორედ პრემიერ-მინისტრს უნდა მიმართონ.