”Blackmont” საპარტნიორო ფონდს ხელის შეწყობას სთავაზობს

საპარტნიორო ფონდს ამერიკული Blackmont -ის წარმომადგენლობა ეწვია. როგორც  საპარტნიორო ფონდიდან იუწყებიან, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდში ამერიკული საინვესტიციო კომპანია Blackmont -ის წარმომადგენლობა მიიღო. Blackmont -ი საპარტნიორო ფონდს ინფრასტრუქტურული და კომერციული პროექტებისთვის იაფი და გრძელვადიანი საკრედიტო რესურსის მოძიებაში ხელის შეწყობას სთავაზობს.

Blackmont -ის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. თავის მხრივ, ფონდის მენეჯმენტმა Blackmont -ის დელეგაციის წევრებს საპარტნიორო ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტები გააცნეს. ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პერსპექტივები განიხილეს და ურთიერთთანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს.

ამერიკული კომპანია Blackmont -ის წარმომადგენლობის ვიზიტი თბილისში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძისა და ფონდის კონსულტანტის მირიან გოგიაშვილის აშშ-ში საქმიანი ვიზიტის დროს დაიგეგმა. საპარტნირო ფონდის წარმომადგენლები აშშ-ში ამა წლის სექტემბერში ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის OPIC-ის მიწვევით იმყოფებოდნენ. ფონდის დელეგაციამ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მსხვილი საფინანსო წრეებისა და კომერციული სტრუქტურების ხელმძრვანელ პირებთან ოფიციალური შეხვედრები გამართეს. ვიზიტის მიზანი იაფი ფინანსური რესურსის და ინვესტიციების მოზიდვა იყო.

ფონდის ინფორმაციით, Blackmont-ი ცნობილი ამერიკული საინვესტიციო ფირმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საფინანსო სექტორს იაფ და გრძელვადიან კრედიტებს, ამერიკის საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების განთავსებას, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის იაფ საფინანსო რესურს და მომგებიან კომერციულ პროექტებში ინვესტიციების მოძიებაში ხელის შეწყობას სთავაზობს.