ბათუმის შემოგარენსა და ხელვაჩაურში სეტყვამ ციტრუსი დააზიანა

ბათუმის შემოგარენსა და ხელვაჩაურში სეტყვამ ციტრუსი დააზიანა. პრობლემები შეიქმნა ასევე, ქობულეთშიც.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, ფერმერებმა, ვისაც დაზღვეული ჰქონდა მოსავალი, უნდა მიმართონ სადაზღვევო კომპანიებს ზარალის ასანაზრაურებლად, ხოლო ფერმერებს, ვისაც ჯერ არ დაუზღვევია ციტრუსი, მინისტრი რეკომენდაციით მიმართავს, რომ უხვნალექიანი წელია და 10 ნოემბრამდე კიდევ შესაძლებელია დაზღვევის გაკეთება.

ლაშა კომახიძის თქმით, დღეს სეტყვისგან გამოწვეული ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი:

"წინასწარი მონაცემებით ვიცით, რომ გაცილებით ძლიერი სეტყვა იყო ხელვაჩაურსა და ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებულ ციტრუსის ბაღებში. დაისეტყვა ასევე, ქობულეთი, თუმცა ფართობი გაცილებით ნაკლებია. ზარალის შესახებ საუბარი ჯერ ძალიან რთულია, ორ-სამ დღეში უფრო დეტალურად შეიძლება ამაზე მსჯელობა. საკითხში ჩართულია სადაზღვევო კომპანიებიც, სამწუხაროდ, ბევრი არაა დაზღვეული, მაგრამ ვისაც აქვს, მათ პირველ რიგში უნდა დარეკონ სადაზღვევო კომპანიაში, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რის შემდეგაც სადაზღვევო აგენტის ვიზიტი განხორციელდება მათთან. ვისაც დაზღვეული არ აქვს მოსავალი, ძალიან უხვნალექიანი წელია, 10 ნოემბრამდე კიდევ შესაძლებელია დაზღვევის გაკეთება და ალბათ ჯობია დააზღვიონ", - აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

აჭარაში ღამის განმავლობაში წვიმდა, დილით კი გარკვეული ტერიტორიები ორჯერ დაისეტყვა.