ქალაქების მდგრადობის, სტიქიასთან ბრძოლისა და სირთულეების დროული დაძლევის მიზნით შეხვედრა გაიმართა

თბილისის მთავრობისა და პროგრამა ”100 მედეგი ქალაქის“ წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამას ”100 მედეგი ქალაქი“ როკფელერის ფონდი 2013 წლიდან ახორციელებს და ბენეფიციარებს 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურად, 1 მლნ გრანტის ფარგლებში ეხმარება. თბილისი გრანტის მფლობელი 2016 წლის მაისში გახდა.

დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პროგრამის მენეჯერი ევროპისა და აზიის რეგიონში ლუის ალვარადო და ასოცირებული დირექტორი ევროპისა და აზიის რეგიონში სამერ ბაგაინი. ასევე, მერიის საქალაქო სამსახურების, საკრებულოს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ”100 მედეგი ქალაქის“ ლონდონის ოფისის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, ”100 მედეგი ქალაქის“ წარმომადგენლებმა უშუალოდ პროგრამის შესახებ, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა კი თბილისის მედეგობასა და დედაქალაქში, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, წარმოადგინეს პრეზენტაციები.

პროგრამა ”100 მედეგი ქალაქის“ წარმომადგენლები თბილისში 2 დღის განმავლობაში დარჩებიან; მოინახულებენ დედაქალაქში, ამ კუთხით არსებულ პრობლემურ უბნებს; შეხვდებიან იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ქალაქგანვითარებისა და დაგეგმარების აქტუალურ გამოწვევებზე მუშაობს.

მომდევნო შეხვედრა 2017 წლის იანვარშია დაგეგმილი, რომელსაც დედაქალაქის მთავრობის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები დაესწრებიან. შეხვედრაზე მხარეები პროგრამის განხორციელების სტრატეგიის მომზადებაზე იმუშავებენ.

პროგრამა ”100 მედეგი ქალაქი“ ითვალისწინებს ქალაქების მდგრადობას სტიქიასთან ბრძოლისა და სირთულეების დროული დაძლევის თვალსაზრისით, მათ შორისაა, უმუშევრობის მაღალი დონე, არაეფექტური სატრანსპორტო სისტემა, ენდემური ძალადობა და ა.შ. პროექტში მონაწილე ქალაქებმა უნდა შეიმუშაონ და დანერგონ საერთო საქალაქო მედეგობის სტრატეგია და გამოხატონ მზადყოფნა სტიქიური უბედურების და სოციალური პრობლემების გადაჭრის ახლებური გზების გამონახვაზე. მათ შორის, დანიშნონ მედეგობის საქმეთა კოორდინატორი; ითანამშრომლონ ”100 მედეგი ქალაქის“ წევრებთან და მათ პარტნიორებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური და ტექნიკური საშუალებების გამოყენება მედეგობის გაუმჯობესებისა და სტრატეგიის დანერგვისათვის.

თბილისთან ერთად ”100 მედეგი ქალაქის“ წევრები არიან : ნიუ-იორკი, ლოს ანჯელესი, ჩიკაგო, ლონდონი, მილანი, ბარსელონა, პარიზი, რიო დე ჟანეირო.