სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD-ის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) სამეთვალყურეო საბჭოს და ENPARD-ის კონსორციუმის წევრების რიგით მეათე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ENPARD I-ის პროექტი შეაჯამეს და ENPARD II-ის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ENPARD-ის პირველი ფაზის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე ისაუბრა, განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ პროგრამას ევროპელი კოლეგები ქვეყნის სავიზიტო ბარათად მიიჩნევენ.

კერესელიძემ ევროკავშირის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ENPARD III-ის პროექტი, რომლის ბიუჯეტი 78 მლნ ევროს შეადგენს, მომზადების პროცესშია და ENPARD II-ის პროექტის დასრულების შემდეგ დაიწყება.

შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის მიმართულებით კრისტინა კასელა და ENPARD-ის კონსორციუმის წევრები ესწრებოდნენ.