ეროვნული ბანკი 2017 წელს ეკონომიკურ ზრდას 4.5%-ის ფარგლებში ვარაუდობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2016 წლის ეკონომიკური ზრდა კვლავ 3.5%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. პროგნოზის მიხედვით, 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 4.5%-ის ფარგლებშია, რასაც ფისკალური სტიმულისა და მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ფონზე, ინვესტიციებისა და მოხმარების ზრდა განაპირობებს. ”სავაჭრო პარტნიორებში სუსტი ერთობლივი მოთხოვნის ფონზე მოსალოდნელია, რომ 2017 წელს წმინდა ექსპორტს მცირედ უარყოფითი წვლილი ექნება, რასაც საქონლის ექსპორტის სუსტი ზრდა და იმპორტზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს. აღნიშნული პროგნოზი გულისხმობს, რომ სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, 2017 წელს გაიზრდება ფულადი გზავნილების შემოდინება და ტურიზმიდან შემოსავლები,” - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ”მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში”.