როგორი იქნება განახლებული ვარდების მოედანი (+ფოტო)

ვარდების მოედანზე მრავალფუნქციური კომპლექსის - კონგრეს ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

ორსართულიანი შენობა „რედისონსა“ და ტელეგრაფის შენობაში მშენებარე სასტუმროს ერთმანეთთან ხიდებითა და ღია სივრცეებით დააკავშირებს.

გერმანული კომპანია Graft-Arcitects-ის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, „ვარდების მოედანი“ მრავალფუნქციურ ზონად გარდაიქმნება, სადაც მოეწყობა ამფითეატრი, შადრევნები, დასასვენებელი ფართები. მოედნის ქვეშ არსებულ მიწისქვეშა სივრცეში კი სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და „ჩაძირული ბაღები“ განთავსდება.

პროექტის თანახმად, სასტუმრო „რედისონსა“ და ტელეგრაფის შენობას შორის არსებული ავტოსადგომი მიწიქვეშა კომპლექსში გადაინაცვლებს, რომელიც მოემსახურება როგორც რედისონს , ასევე მოედანზე მდებარე სხვა ობიექტებს, მათ შორის ტელეგრაფსაც.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დასამტკიცებლად განცხადება მერიაში 2016 წლის 4 ოქტომბერს შევიდა.

„მერიის განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ უკვე განიხილა საკითხი და დადებითი გადაწყვეტილებაც მიიღო. უახლოეს პერიოდში კი პროექტი განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნება,“ -აღნიშნეს მერიის არქიტექტურის სამსახურში.

პროექტის განხორციელებას საინვესტიციო კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ გეგმავს. კომპანია საქართველოს ეკონომიკის ისეთ სფეროებშია ჩართული, როგორიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, უძრავი ქონება, საცალო ვაჭრობა, ტელეკომუნიკაციები და საბანკო მომსახურებაა. „სილქ როუდ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები წარმოდგენილია აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

იხილეთ ფოტოგალერეა