როგორ დაიწყო 16 წლის ბიჭმა საკუთარი სანერგე მეურნეობა

16 წლის სანდრო ნარსია ხობის რაიონის სოფელ ხე­თაში ცხოვრობს. მე-11­ კლასის მოსწავლე სწავლას მშვენივრად უთავსებს მამულიშვილურ საქმეს - საქართველოს "წითელ წიგნში" შეტანილი კოლხური ბზის გადარჩენას.მომავალმა გარემოს დამცველმა შარშან საკუთარი სანერგე მეურნეობა მოაწყო, სადაც კოლხური ბზის 200 ტოტი დააკალმა და 1 300 მარცვალი დათესა. სანდრო გახარებული ნერგების ეკლესიებისა და სკოლებისთვის ჩუქებას, ერთი წლის შემდეგ კი ტოტების ხელახლა დაკალმებას გეგმავს. ოცნებობს კოლხური ხოხბის მოშენებაზეც, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.

- ყველაფერი 2015 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც სკოლიდან ურთის მთაზე წავედით კოლხური ბზის თესლის შესაგროვებლად. შევაგროვეთ თესლი და სკოლაში დავაკალმეთ კოლხური ბზის რამდენიმე ათეული ტოტი. დასაკალმებლად ჩემს ეზოში არსებული უძველესი კოლხური ბზის ბუჩქები გამოვიყენეთ და დაახლოებით 250 ნერგი გამოვიყვანეთ, რომელთა ნაწილი სკოლაში დარჩა, ნაწილი კი გავაჩუქეთ. იგივე გავიმეორეთ 2016 წლის ადრე გაზაფხულზეც. ვინაიდან საქართველოს მასშტაბით ბზის კორომების უდიდესი ნაწილი განადგურებულია, გადავწყვიტე, თვითონ მომეწყო პატარა სანერგე სახლში და ჩემი წვლილი შემეტანა კოლხური ბზის გადარჩენაში.

- შენს სასათბურე მეურნეობაში რა ხდება?

- 1 500 ძირი ბზა მაქვს. მათგან 200 დაკალმებულია. დახურულ გრუნტში - 900, ხოლო ღიაში 600 მარცვალია დათესილი. ისინი განსხვავებული მეთოდით დავთესე. იმედი მაქვს, მათი უმრავლესობა გაიხარებს და მერე მათ ეკლესიებსა და სკოლებს გადავცემ. ყველას გაჩუქებას ვფიქრობ, ოღონდ გაიხაროს. ამ სფეროში დიდი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე, გარდა იმისა, რომ ბევრს ვკითხულობდი და ენდემური ჯიშის მცენარის შესახებ ინფორმაციას ვეცნობოდი, არაერთ აქტივობასა და ტრენინგ-სემინარში მივიღე მონაწილეობა. ბულაჩაურის­ "მწვანე ცენტრში" 27 ფინალისტი ვიყავით და ყველას შეარქვეს მეტსახელი. მე "კოლ­ხურ ბზას" მეძახდნენ.

- შენს ეზოში ასაკოვანი ბზაც გადაგირჩენია...

- ეზოში მაქვს ოთხი ძირი ბზის ბუჩქი­. ორი მათგანი 150 წლისაა, დანარჩენი ორი - შედარებით ახალგაზრდა. ვიცოდი, რომ კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, შეტანილია "წითელ წიგნში" და გადაშენების პირასაა. ორჯერ შევწამლე და გადავარჩინე. სოკომ წელსაც სცადა გამრავლება, მაგრამ ჩემი ცოდნა გამოვიყენე და მავნებელს ჩემი ბებერი ბუჩქების განადგურების საშუალება არ მივეცი. ოქტომბერში შევწამლე და კვლავ ამოყარა ყლორტები ჩვენმა ბზამ.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 31 ოქტომბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად