„ალპური ოქრო“ - შვეიცარიელების მიერ ადიგენში წარმოებული ყველი

შვეიცარიელმა ფრენსის ბელსერმა ყველის წარმოების სკოლაში დაბადებული იდეა, წლების შემდეგ საქართველოში განახორციელა.

მეგობართან და ქართველ პარტნიორთან ერთად დაწყებული ბიზნესი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიის საშუალო წლიური წარმოება ერთ ტონაზე მეტია, თუმცა სამომავლოდ 3-3,5 ტონა ალპური ყველის წარმოებას გეგმავენ.

„საქართველოსა და შვეიცარიას საერთო ბევრი აქვს, ამიტომაც დავინტერესდი საქართველოში ბიზნესის დაწყებით. დავიწყეთ შვეიცარიული ყველის წარმოება, რომელსაც „ალპური ოქრო“ დავარქვით“, - ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში შვეიცარიელი მეწარმე ფრენსის ბელსერი.

პარტნიორებმა საქართველოში საქმიანობა ორი წლის წინ დაიწყეს საწყისი 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიციით.

კომპანია ამ ეტაპზე ერთი ტიპის შვეიცარიულ ყველს აწარმოებს, მომავალში კი კარაქისა და ახალი ყველის წარმოებასაც აპირებს.

„საქართველოში შვეიცარიული მეთოდით დამზადებული ყველის ნაკლებობაა. ქვეყანას დიდი ტურისტული და გასტრონომიული მომავალი აქვს და ჩვენ გვინდა მისი ნაწილი გავხდეთ. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ალპური ყველის წარმოება. ბაზარზე არსებული თავისუფალი ნიშის ათვისების გარდა, ჩვენ ადიგენის რაიონის ალპურ ზონას განვითარებაში ვეხმარებით. „ალპური ყველის“ წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფერმერებისთვის, ვისგანაც რძეს ვყიდულობთ“, - განმარტავს ბელსერი.

წარმოება იმ ფერმერებთან თანამშრომლობს, რომლებიც ყოველ ზაფხულს საკუთარ ძროხებს ალპურ ზონაში 2 200 მეტრზე აძოვებენ, სადაც სრულიად განსხვავებული კლიმატი და ბალახია.

მეწარმის განმარტებით, ალპური ყველი განსხვავდება მთის ყველისგან. ალპური ყველი სეზონური პროდუქტია, რომელიც ალპურ საძოვრებზე გაშვებული ძროხის, ცხვრისა და თხის რძისგან ზაფხულობით იწარმოება. მთის ყველი კი მთიან რეგიონებში მთელი წლის განმავლობაში მზადდება, მათ შორის ზამთარშიც, როცა ცხოველები თივით იკვებებიან.

ერთი კილოგრამი აპლური ყველის ფასი 50-დან 55 ლარამდე მერყეობს. ყველზე მოთხოვნა ძირითდად სასტუმროებისა და რესტორნებისგან, შეფ-მზარეულებისგანაა.

„ჩვენ წარმოების გაფართოებას ვაპირებთ, მაგრამ გაზრდილი მოცულობის სრული რეალიზაციაც საქართველოში მოხდება. ასეთი ტიპის პროდუქციის ექსპორტი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ქართულ ბაზარს კი ნამდვილად სჭირდება შვეიცარიული ყველი. ასე რომ, ჩვენი პროდუქტის საზღვრებს გარეთ გატანას არ ვგეგმავთ,“ - აღნიშნა ფრენსის ბელსერმა.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში შვეიცარიელმა მეწარმემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება საკმაოდ მარტივია.

„თუმცა ზოგადად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არაა იოლი სამართავი. მას სჭირდება გამძლეობა, ცოდნა, საქმის დიდი სიყვარული, პატივისცემა. აუცილებელია, გიყვრადეს ის ადამიანები, ფერმერები, ვისთან ერთადაც მუშაობა გიწევს. გულწრფელი უნდა იყო ფერმერებთან. ნდობა ერთ დღეში არ ყალიბდება. ჩვენ ერთობლივად ვცდილობთ საქმის წარმოებას. ყველაზე მთავარი კი ცხოველების პატივისცემაა,“ - განმარტავს ბელსერი.

ნანა მღებრიშვილი

Swiss cheese produced in Georgia