"ფინანსურ პირამიდებში" სულ უფრო მეტი ადამიანი გაებმება

საქართველოში საფინანსო კომპანიების მიერ დაზარალებულ მეანაბრეთა რიცხვი იზრდება. ისინი რეკორდულად მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ მეანაბრეებს და ფინანსურ პირამიდას ქმნიან. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ასეთი საქმიანობა სახელმწიფოს მიერ არ რეგულირდება, რაც "პირამიდის მაშენებლებს" სრულ თავისუფლებას ანიჭებს. მოსახლეობა კი მთავრობის მხრიდან მკაცრი ზომების გატარებას და მეტ ყურადღებას მოითხოვს. სიტუაცია უკონტროლოა და ვითარება სამომავლოდ კიდევ უფრო დამძიმდება.

საფინანსო ორგანიზაციებიდან კომპანია "საქართველო" ერთ-ერთია, რომელიც მასმედიის სხვადასხვა საშუალებით აწარმოებდა აქტიურ სარეკლამო კამპანიას და ფიზიკური პირებისაგან სახსრების მიზიდვის მიზნით, კლიენტებს სთავაზობდა ბაზარზე არსებულთან შედარებით, გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთს. "საქართველო", ბანკებისგან განსხვავებით, არ წარმოადგენდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტს და მის მიმართ არ ვრცელდებოდა შესაბამისი საზედამხედველო მოთხოვნები. მალე გაირკვა, რომ დიდი რისკის ქვეშ დგებოდა მიზიდული სახსრები.

ამიტომ სებ-მა წერილობითი თუ ზეპირი ფორმით, არაერთხელ გააფრთხილა კომპანიის ხელმძღვანელობა. მათ მოსთხოვეს დაფინანსების ბიზნესმოდელის შეცვლა და სახსრების მიზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა. თუმცა, კომპანიამ არ გაითვალისწინა ეროვნული ბანკის გაფრთხილება, რის გამოც, ვითარება უფრო გართულდა.

წინა კვირას "საფინანსო კომპანია საქართველოსთან" შეკრებილი 20-მდე მეანაბრე კუთვნილი თანხების დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვდა. როგორც მათ განაცხადეს, ორი თვეა კომპანიისგან კუთვნილი პროცენტი არ მიუღიათ.

საქართველოში შეიძლება "პირამიდულმა ბიზნესმა" ისევ გაშალოს ფრთები და ქვეყანა 90-იან წლებს მიუბრუნდეს. იოლი ფულის შოვნის გზას უკვე ბევრი დაადგა. ამის თავიდან ასარიდებლად "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას. მსგავსი დამოკიდებულება მომავალში თავიდან გამორიცხავს სირთულეებს და უპასუხისმგებლო კომპანიების მომრავლებას ხელს შეუშლის.

"დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში "პირამიდული ბიზნესი" არ არის კრიმინალური საქმიანობა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში ამ კუთხით ვითარება მძიმდება. ამიტომ საკანონმდებლო ცვლილება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაატაროს ახალმა პარლამენტმა.

საქართველოში არსებობს რამდენიმე კომპანია, რომლებიც მსგავსი სქემით (ე. წ. პონცის სქემა) მუშაობს. ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა შემდეგი მომხმარებლის ფულით ხდება წინა მომხმარებლის გასტუმრება. როდესაც ახალი მომხმარებელი აღარ შეიტანს ფულს ასეთ ორგანიზაციაში, სისტემა ჩამოიშლება, რაც ყველას აზარალებს.

პირველივე უკმაყოფილო კლიენტი არის ნიშანი იმისა, რომ ორგანიზაცია გაკოტრების პირასაა. ასეთი კომპანიები კი საქართველოში არც ისე ცოტაა. მათი არსებობა 90-იან წლებთან ასოცირდება. იმისათვის, რომ მოსახლეობას საფრთხე ავარიდოთ, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები. დღესვე უნდა ვიმოქმედოთ, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ სირთულეები და მსგავსი კომპანიების მომრავლება.

რაც უფრო დიდხანს იქნებიან თავიანთ ნებაზე მიშვებული ასეთი შპს-ები, უფრო მეტი პრობლემა გაჩნდება. შეიძლება დღეს ამით ვიღაც ფინანსურ სარგებელს იღებს, მაგრამ სამომავლოდ, მეტი ჩაებმება ამ სქემაში და საბოლოო შედეგი უმძიმესი იქნება. თუ სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ, დაზარალდება არა მხოლოდ მომხმარებელი და კომპანია, არამედ სახელმწიფოც", - განუცხადა "რეზონანსს" კეპულაძემ.

საფინანსო კომპანიების მხრიდან მოსახლეობის მითვისებულ ანაბრებზე, საბანკო სფეროს ექსპერტი ვაჟა კაპანაძე პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს. მისი განცხადებით, სებ-ს აუცილებლად უნდა დაეწესებინა მსგავს საფინანსო სიტუაციებზე კონტროლი ან მისი საქმიანობა აღეკვეთა.

"თუ ორგანიზაცია იზიდავს მოსახლეობის ფულს, მათი ეს საქმიანობა ლიცენზირებას ექვემდებარება და ეროვნული ბანკი ამას აკონტროლებს. სებ-ის პასუხისმგებლობაა ის, რომ მსგავსი კომპანიები დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ და ამის გამო მოსახლეობა ზარალდება. საფინანსო კომპანიებს საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვთ დაწესებული მიზიდულ თანხებზე, რაც ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად ემსგავსება 1994-95 წლის ფინანსურ პირამიდას. მე იმ დროს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე ვიყავი და ვსწავლობდი, რა სახის ღონისძიებები გატარდა ამ მხრივ. ვიცი, როგორ ხდებოდა მათი ლიკვიდაციის შედეგად თანხმების ამოღება. ქვეყნის ეკონომიკას, კიდევ ერთხელ მსგავსი პროცესების გადატანა გაუჭირდება.

"საფინანსო კომპანია საქართველოს" მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, ეს არის ეროვნული ბანკის დიდი ჩავარდნა. მას უნდა დაეწესებინა ამ კომპანიაზე კონტროლი ან მისი საქმიანობა აღეკვეთა. თუ ამას ვერ აკეთებს გარკვეული მიზეზის გამო ან კანონმდებლობა უშლის ხელს, სასწრაფოდ უნდა მოითხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა. საბოლოო ჯამში დაცული იქნება მოსახლეობა და გარკვეულწილად საფინანსო სექტორი", - განუცხადა "რეზონანსს" კაპანაძემ.

მოსახლეობას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს ახალაგზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, იმის გამო, რომ ადამიანებმა ფინანსურად მეტი სარგებელი მიიღონ ამა თუ იმ კომპანიისგან, ბრმად ენდობიან მათ და შედეგებზე არ ფიქრობენ.

"თავად ადამიანები უნდა იყვნენ ყურადღებით. ვიღაც რომ გთავაზობს გარკვეულ თანხაზე 30-40%-იან სარგებელს ყოველწლიურად მაშინ, როდესაც ბანკს ანაბარზე 10% აქვს, ეს ეჭვს იწვევს. თუ მეტი რისკი უნდათ მეტი მოგების ხარჯზე, მაშინ იმის რისკიც უნდა იტვირთონ. შეიძლება მთლიანადაც დაკარგონ ფული, ყველაფერში სახელმწიფო ვერ დაიცავს მოქალაქეს. ბანკიც შეიძლება გაკოტრდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ფინანსურ პირამიდაშია", - აღნიშნა ჯანიაშვილმა და "საფინანსო კომპანია საქართველოს" მაგალითიც განიხილა.

"კომპანიის მეანაბრეების ფინანსური მდგომარეობა დღეს გაურკვეველია, თუ თანხას დაკარგავენ, ეს სახელმწიფოს კი არა, თავიანთი ბრალი იქნება, რადგან არ მიუდგნენ საკითხს დაკვირვებით. უცნაურია, კომპანია 36%-ს რომ გთავაზობს მაშინ, როდესაც ბანკები გაცილებით ნაკლებს იძლევიან, უნდა დაფიქრდე, სად უშვებ შეცდომას. მოსახლეობა უყურადღებოა ასეთი საკითხების მიმართ. ასე აწერენ სხვადასხვა ხელშეკრულებას ხელს, არ კითხულობენ და პრობლემაც არ აყოვნებს.

ადამიანებს უნდათ იოლი ფული და დიდი თანხების სწრაფად მოპოვება. ამის გამო რისკზე მიდიან, მაგრამ არ ფიქრობენ, რომ სამომავლოდ შეიძლება კომპანია გაკოტრდეს", - განუცხადა "რეზონანსს" ჯანიაშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"