ნოდარ ხადური - ლარის კურსი აუცილებლად გამყარდება

უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას და კურსი აუცილებლად გამყარდება , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლარის კურსის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი და პირიქით, გაუმჯობესებულია.

„მინდა სრული დარწმუნებით ვთქვა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი, პირიქით, გაუმჯობესებულია. მათ შორის, გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები დოლარის თვალსაზრისით. ნოემბრის ბოლოს - დეკემბერში ჩამოირიცხება აზიის განვითარების ბანკიდან თანხები. ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც დროებითი და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას და კურსი აუცილებლად გამყარდება“, - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპონენტები ცდილობენ, ცუდი მოლოდინები შექმნან.

„მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ცუდი მოლოდინების არავითარი საფუძველი არ არსებობს მაკროეკონომიკურად და ეს ყველაფერი არაერთხელ გაჟღერებულა როგორც ეროვნული ბანკის, ასევე ჩვენი მხრიდანაც“, - განაცხადა ხადურმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი ბაზრის კონიუნქტურა არის საკმაოდ საინტერესო და ის ერთჯერადი ტრანზაქციები, რომელიც ხორციელდება ხოლმე, სამწუხაროდ, ახდენს ზეგავლენას და შემდეგ ამას აქვს გამოძახილი.

„ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორი არის დადებითი“, - აღნიშნა ხადურმა.