ნოდარ ხადური სსიპ-ების შემცირებაზე - ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას

გადავდგით ბევრი ნაბიჯი, რომ სსიპ-ების ბიუჯეტი უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შემცირების საჭიროებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას და საკითხს.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას და საკითხს და მათ არც უკითხავთ, ეს რა არის. იყო პროექტები, რომლებიც საერთოდ არ იყო ასახული ბიუჯეტში და უბრალოდ, მათი ასახვა ხდება. ჩვენ გავაკეთეთ, რომ სსიპ-ები გადმოვიყვანეთ სახაზინო მომსახურებაზე, მათ შორის, უნივერსიტეტები. გადავდგით ბევრი ნაბიჯი, რომ მათი ბიუჯეტი უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო. ეს ყველაფერი არის პროცესი და ამას გავაგრძელებთ. ბიუჯეტში დანარჩენი რა პროცესები იქნება, ამას ნახავთ“, - განაცხადა ხადურმა.

არასამთავრობო სექტორის ნაწილი ხელისუფლებას სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შემცირების რეკომენდაციას აძლევს. ამასთან, ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილიც მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით სისტემური რეორგანიზაციაა საჭირო და აზრი არ აქვს იმ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების არსებობას, რომლებიც თავის თავს ვერ ინახავენ.