აგროპროექტს „დანერგე მომავალი“  კომშის,  ჟოლოსა და მაყვლის კულტურები დაემატა

აგროპროექტს „დანერგე მომავალი“ კახეთსა და ქვემო ქართლში კომშის, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით ჟოლოსა და მაყვლის კულტურები დაემატა , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, დღეს განხორციელდა ცვლილება ერთ-ერთ წარმატებულ პროექტში „დანერგე მომავალი“, რომელიც ითვალისწინებს მთელი საქართველოს მასშტაბით მრავალწლიანი კულტურების გაშენებას.

„პროექტი ითვალისწინებს მთელი საქართველოს მასშტაბით ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ბაღების გაშენებას, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ თითოეული ფერმერის კეთილდღეობა გაიზარდოს, მრავალწლიანი კულტურები მეტი შემოსავლის მომტანია. ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. 1500 ჰექტარზე მეტი ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ბაღები მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებულია, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი ტიპის მებაღეობას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ჩვენ დავამატეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურა, კერძოდ, კომშის კულტურა დაემატა კახეთსა და ქვემო ქართლში, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით კი კენკროვნები - ჟოლო და მაყვალი. კენკროვნები ძალიან მნიშვნელოვანი კულტურაა იმ თვალსაზრისით, რომ 1 ჰექტარზე მათი შემოსავალი არის საკმაო. ამ კულტურებს პროგრამა არ ითვალისწინებდა და დინამიურად ხდება კულტურების განახლება“, - განაცხადა დავითაშვილმა.