ძვირად ღირებული კონიაკის აქციზური მარკის გარეშე რეალიზების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად ახდენდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული კონიაკის, „ჰენესის“ აქციზური მარკის გარეშე რეალიზებას. დაკავებულის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის ჩხრეკისას საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით უაქზიცო ალკოჰოლური სასმელი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.