ბელგიის მიგრაციის მინისტრს ქონების კონფისკაცია ემუქრება

ბელგიის მიგრაციის მინისტრს ქონების კონფისკაცია ემუქრება. როგორც „ბიბისი“ წერს, სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილების მიუხედავად, მიგრაციის მინისტრი ტეო ფრანკენი ბელგიაში ჩასული სირიული ოჯახისთვის თავშესაფრის გაცემაზე უარს აცხადებს.

„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ გუშინ მინისტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ცარიელი ოთახის ფოტო გამოაქვეყნა. მისი განმარტებით, ფოტოსურათზე ასახულია მისი სამუშაო ოფისი, საიდანაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავეჯი გაიტანეს.

„ავეჯით თუ ავეჯის გარეშე, მუშაობას მაინც გავაგრძელებთ“, - აცხადებს ბელგიის მიგრაციის მინისტრი.

მოგვიანებით, ტეო ფრანკენის წარმომადგენელმა ტელეკომპანია „ბიბისი“-ს განუმარტა, რომ აღნიშნული ფოტოსურათი ხუმრობა იყო, თუმცა აღნიშნა, რომ ქონების კონფისკაციის საფრთხე ნამდვილად დგას, რადგან მინისტრმა სასამართლოდან შესაბამისი გაფრთხილება უკვე მიიღო.

გარდა ამისა, სირიიდან ბელგიაში ჩასული ოჯახისთვის თავშესაფრის გაცემაზე უარის თქმის გამო, ტეო ფრანკენს ყოველდღიურად 4 450 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

თავად მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნულ ოჯახს თავშესაფარს არ მისცემს, რადგან ეს „მიგრაციის ქაოსის“ დასაწყისი იქნება. მისივე ცნობით, ამ დროისთვის ჯარიმის ოდენობა 30 000 ევროს შეადგენს. მიგრაციის სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით, მას აპელაცია აქვს შეტანილი.