მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის დასასრულებლად მერიას ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას სთხოვენ

“ურბანული იდეების ლაბორატორია” თბილისის მერიასა და საკრებულოს მოუწოდებს, 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის დასასრულებლად თანხა გაითვალისწინოს.

ამ საკითხზე დღეს თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა “ურბანული იდეების ლაბორატორიის” დირექტორთან გიორგი ბაბუნაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

როგორც გიორგი ბაბუნაშვილმა განაცხადა, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მეორე ამოსასვლელი შეშელიძის ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა 1980-იანი წლების მიწურულს დაიწყო და 1993 წელს ფინანსების უკმარისობის გამო შეწყდა. დღეისთვის ობიექტი კონსერვირებულია. ბაბუნაშვილის თქმით, სამუშაოების 90% შესრულებულია და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე მეტრი მიწის სიღრმეში, ასევე შესასრულებელია მიწისზედა სამუშაოები.

გიორგი ბაბუნაშვილმა აღნიშნა, რომ მეორე ამოსასვლელის გაკეთების შემთხვევაში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია განიტვირთება. იგი აცხადებს, რომ ამჟამად „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია გადატვირთულია, რადგან იგი ემსახურება გლდანის, მუხიანისა და თემქის ზედა რაიონების მოსახლეობას, იქ არის ასევე უამრავი კომერციული ობიექტი და სატრანსპორტო კვანძი, რაც მეტროსადგურის გარშემო საცობების წარმოქმნას უწყობს ხელს.

„ჩვენ მოვუწოდებთ თბილისის მერიასა და საკრებულოს, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტში გაითვალისწინოს „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის მშენებლობა. ამისთვის დაახლოებით 15 მილიონი ლარია საჭირო, რომელიც შეიძლება 2-3 წელიწადზე გადანაწილდეს. შესაძლებელია ასევე თანაინვესტირების შესაძლებლობის მოძიება. აღნიშნული ამოსასვლელი ხელს შეუწყობს „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცობების განტვირთვას, მთლიანად ტერიტორიის ინვესტიციური მიმზიდველობის გაზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა გიორგი ბაბუნაშვილმა.

თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მას სამი კვირის წინ ამ საკითხზე ”ურბანული იდეების ლაბორატორიამ” მიმართა. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოთხოვნის შესაბამისად, მან წერილით თბილისის მერს დავით ნარმანიას მიმართა. ელისაშვილი აცხადებს, რომ მერისგან გუშინ წერილობითი პასუხი მიიღო, კერძოდ საკითხი შესასწავლად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს გადაეგზავნა. ელისაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოში 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად 15 ნოემბერს შევა. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი იმედოვნებს, რომ მასში ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება.