ზაზა ვეკუა - თბილისის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შედეგებით, საგადასახადო გარღვევა 18 მლნ ლარს შეადგენს

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შედეგების მიხედვით, საგადასახადო გარღვევა 18 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა იუწყება.

მისივე თქმით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის 6 თვის მონაცემების მიხედვით კი, 26 მილიონი ლარით მეტი იყო ამოღებული, რაც ძალიან კარგი შედეგი იყო. ვეკუას განცხადებით, აღნიშნულის შედეგად მხოლოდ მესამე კვარტალში თბილისის ბიუჯეტში 44 მლნ ლარით ნაკლებია შესული.

„ეს ალბათ, დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობისგან უნდა მოვისმინოთ, თუ რამ გამოიწვია ჯამში 44 მილიონის ვარდნა. ზოგადად აქ შეიძლება ორი რამ აღინიშნოს, არასწორად იყო ბიუჯეტი დაგეგმილი ან დედაქალაქის მერიამ ადმინისტრირება ვერ მოახდინა. ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო პერიოდი იყო და ამ სამი თვის განმავლობაში ადმინისტრირება ისე არ ხდებოდა. დედაქალაქის მერიას კიდევ აქვს სამი თვე, რომ ეს გამოასწოროს“, - აღნიშნა ზაზა ვეკუამ.

მისივე თქმით, საკრებულოში ახლახანს შევიდა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის 9 თვის შედეგები და მისი განხილვა უახლოეს დღეებში მოხდება.