აჭარის ველური ბუნება ფილმში „ჯარა“ მალე კინოთეატრებში იქნება

მალე კინოთეატრებში აჭარის ველურ ბუნებაში მოგზაურობის შესახებ დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ გამოჩნდება. ფილმი-ზღაპარი ადამიანისა და ცხოველების თანაცხოვრების შესახებაა გადაღებული. მისი მთავარი გმირია ფუტკარი, საიდანაც ვითარდება მთელი სიუჟეტური ხაზი და აჭარის ეკოტურისტულ სიმდიდრეს წარმოაჩენს.

ფილმის გადაღებები აჭარაში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელწოდება „ჯარა“ ტრადიციულ ქართულ სკას ნიშნავს, რომელშიც ფუტკრის მოშინაურება ერთ-ერთი უძველესი მეთოდია. ამ ეტაპზე სტუდია „Eco films” უკვე ფილმის მონტაჟზე მუშაობს და ფილმის პრემიერა დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება.

„ასეთი მაშტაბური ფილმი, ოთხი სეზონის გადაღებებით, რამდენიმე სიუჟეტური ხაზით, ამდენი ადამიანის, ცხოველისა თუ ფრინველის შესახებ, აქამდე არათუ ჩვენ არ გადაგვიღია, არამედ საქართველოში საერთოდ არ გადაღებულა. მიზანიც არ გვაქვს მარტივი, გვინდა ვაჩვენოთ, რეალური მოვლენები, ადამიანებისა და ველური ბუნების, ცხოველების თანაარსებობა, მათი გავლენა ერთმანეთზე, ზემოქმედება და ამ ზემოქმედების შედეგები,“ - აცხადებს ფილმის რეჟისორი და სტუდია “Eco films” დამფუძნებელი ნიკა წიკლაური.

ფილმში გადმოცემულია აჭარაში მეფუტკრეობის, ბაზიერობისა და სხვა უძველესი ტრადიციების თანაარსებობა თანამედროვე წესჩვეულებებთან ერთად. მასში კარგად ჩანს იმ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, რომლებიც აჭარის მიუვალ ხეობებში ველურ ბუნებასთან თანაცხოვრობენ. აჭარის ეკოტურისტული პოტენციალი თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით ფილმში ასევე კარგადაა წარმოჩენილი.

„ფილმი ნამდვილი აღმოჩენაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოგზაურობა და სიახლეები აინტერესებთ. მასში კარგად ჩანს ის ეკოტურისტული სიმდიდრე, რაც აჭარას გააჩნია და რითიც შეიძლება მოვიზიდოთ ველურ ბუნებაში მოგზაურობის მსურველები. რეგიონს ოთხი მხოლოდ ეროვნული პარკი გააჩნია, რასაც ემატება მაღალმთიანი აჭარის ბიომრავალფეროვნებაც. მსგავსი ფილმები კი ხელს უწყობს ამ ყველაფრის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას,“ - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი.