ელექტრომობილების დამუხტვა უფასო იქნება

თბილისში დამონტაჟებული ელექტრომობილების დასატუმბი სადგურებით სარგებლობა 2017 წლის ბოლომდე უფასო იქნება.

ამის შესახებ E-space-ის დირექტორმა სულხან გვალიამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

თუმცა, სულხან გვალია არ აკონკრეტებს რა ეღირება ელექტრომობილების დამუხტვა ვადის გასვლის შემდეგ და არ გამორიცხავს, რომ მანქანების დამუხტვა გარკვეული პერიოდით კვლავ უფასო დარჩეს.

მისივე განცხადებით, მანქანის ბატარეის სიმძლავრიდან გამომდინარე ელექტორმობილის დასამუხტად 2-3 სამი საათია საჭირო. ერთი დამუხტვით, ელექტრომობილის სიმძლავრიდან გამომდინარე, 150-დან 400 კილომეტრამდე გავლაა შესაძლებელი.

"საქართველოში ძალიან ცოტა ელექტრომობილი დადის. უმეტესობა მანქანას სახლში ტენის. პირველი ეტაპი უფრო ელექტრომობილების დასატუმბი სადგურების პოპულარიზაციისთვის არის და ვფიქრობ, ამ პერიოდში კომპანიის დანახარჯი ძალიან მცირე იქნება”, - განაცხადა სულხან გვალიამ.

ელექტრომობილების დასატუმბი სადგურები კუს ტბის ასახვევთან და ევროპის მოედანზე დღეს დამონტაჟდა. E-space-ის დირექტორის თქმით, წლის ბოლომდე ელექტრომობილების დასატუმბი 25 სადგური გაიხსნება.

2017 წლიდან კი ელექტრო მობილების დამუხტვა ბათუმსა და ქუთაისში იქნება შესაძლებელი. მომდევნო წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ელექტრომობილების დასატუმბი 100 სადგურის გახსნაა დაგეგმილი.

თათია ახვლედიანი