ფორთოხლის წვენის ფასი რეკორდულად გაიზარდა

აშშ-სა და მსოფლიოში ფორთხოლის დეფიციტის გამო, ნიუ იორკის ICE Futures-ის ბირჟაზე ფორთოხლის წვენის ფასმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ფორთოხლის წვენის გაყინული კონცენტრატის ფასი 0,9%-ით გაიზარდა და  ერთ ფუნტზე 2,2695 დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის 23 იანვრის რეკორდულ მაჩვენებელს შეესაბამება. 

ექსპერტთა განცხადებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ფორთოხლის მოსავლის მნიშვნელოვანი შემცირებაა ფლორიდაში, რომელიც ფორთოხლის წარმოების მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, შემოდგომის ჯიშის მოსავალი, რომლის აღებაც ოქტომბერში ხდება, წელს ორჯერ ნაკლებია, ვიდრე შარშან.

ფორთოხლის და ფორთოხლის წვენის ექსპორტის შემცირებას განაგრძობს ბრაზილიაც, რაც დეფიციტის შექმნის საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. როგორც მოსალოდნელია, გვალვისა და სხვა ფაქტორების გამო, წელს ბრაზილიაში ფორთოხლის მოსავალი ყველაზე მცირე იქნება ბოლო 20 წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან ნიუ იორკში ფორთოხლის წვენის ფასი 55%-ით გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე