ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ -0,2% შეადგინა

2016 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით  0,5 %, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) -0,2% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,1 პროცენტით გაიზარდა.

მათივე ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების 0,7 პროცენტით მატებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე შაქრის, ჯემის და სხვა ტკბილეულის (5,3 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (3,0 პროცენტი) და ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (1,8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე კი ფასები 9,6 პროცენტით შემცირდა.

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაში 0,20 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ასევე სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (8,6 პროცენტი).

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფზე ფასები 3,0 პროცენტით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციაში 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ფეხსაცმლის ქვეჯგუფზე (10,2 პროცენტი).

მათივე ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

მოცემულ პერიოდში ფასების 6,7 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები, ძირითადად, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-16,1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-8,8 პროცენტი) შემცირდა.

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა : ფასები შემცირდა 3,9 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობის, მაცივრების და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების ქვეჯგუფზე (-7,6 პროცენტი) და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე (-2,9 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები 10,9 პროცენტით გაიზარდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,67 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (17,9 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (5,6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.