სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულები და ადგილობრივები აქციას მართავენ

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულები და ადგილობრივები აქციას მართავენ. მუშები დაშლას არ აპირებენ. ისინი მომხდარის დროულ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა შეშა მოჭრა და სახლში მიჰქონდათ, ხოლო ჩინური კომპანიის, „23-ე ბიუროს“ მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ მოსახლეობამ შეშა მათ მოპარა და ეს ორი ადამიანი სცემეს.

”ფაქტს შეესწრნენ ადგილზე დასაქმებული ქართველები, მივიდნენ ვითარებაში გასარკვევად და ისინიც სცემეს. დაზიანებები მიყენებული ჰქონდათ მჭრელი და სავარაუდოდ, ბლაგვი საგნებითაც”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. მუშები პროფკავშირების წარმომადგენლების მისვლასაც ელოდებიან.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ოთხი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სოფელ ზვარეში ოთხი მუშის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.