საერთაშორისო კონფერენციაზე მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს

მეცხოველეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით საერთაშორისო კონფერენცია - „საერთაშორისო გამოცდილება - მეცხოველეობის დარგში ინვესტირებისა და წარმატებისთვის კავკასიის რეგიონში“ გაიმართა.

ღონისძიება კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“ და კანადის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს, ალბერტას (Alberta Ministry of Agriculture, Forestry and Rural Development) ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიოში მეცხოველეობის მიმართულების ფერმერული მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოში მეცხოველეობის დარგში არსებულ პოტენციალზე, დარგის განვითარების პერსპექტივებსა და აღნიშნული მიმრთულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგისთვის მეცხოველეობის სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია.

,,კონფერენციის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მეცხოველეობის მიმართულებით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ჯიშთა გამოცდა და გენეტიკური გაუმჯობესება, რაც საქონლის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც ქართველ ფერმერთა შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ჩვენი ქვეყნისთვის მეცხოველეობის სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად, ეს არის საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოების ნახევარი. შესაბამისად, აღნიშნული სექტორის განვითარება და პროდუქტიულობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ფერმერების კეთილდღეობასთან. ჯიშთა გამოცდისა და გენეტიკური გაუმჯობესებების მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს, თუმცა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“ წარმომადგენელმა, თამარ ყაჭაშვილმა აღნიშნა, კომპანია „კავკასიის გენეტიკა“ 2006 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სექტორში, მეცხოველეობის მიმართულებით, აქტიურად მუშაობს. კომპანია სანაშენე საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას და ხელოვნური განაყოფიერების გზით ჯიშობრივ გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

მეცხოველეობის დარგის განვითარების მნიშვენლობაზე და ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების, კანადის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს - ალბერტას, კანადის სავაჭრო პალატის, მეცხოველობის დარგში მომუშავე კანადის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცხოველეობის დარგის ექსპერტები, უცხოელი სპეციალისტები და მეცხოველეობის ორგანიზაციების წარმომადგენლები (ესტონეთი, ისრაელი, სომხეთი), ვეტერინარები და ზოოტექნიკოსები, ასევე ფერმერები, ფერმერული ასოციაციების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე მეცხოველეობის სექტორის კანადური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის მეცხოველეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.