რა დაემართა და რა ელის ლარს

ბოლო პერიოდში ლარის კურსი არასტაბილურობით ხასიათდება, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც ლარის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს. "ბინზესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მიხეილ დუნდუას პოსტს.

"სანამ ამ მიზეზებს ავხსნით, აუცილებელია კარგად ვაჩვენოთ, რომ ლარის დევალვაცია მთავრობის არასწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკით, ანუ მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესებით არ არის გამოწვეული. ამის დასტურია, ერთი თვის წინ გამოქვეყნებული საერთაშორისო გამოკვლევა. კერძოდ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2016-2017 წლის ანგარიში. კვლევა ადასტურებს, რომ 2015 წლიდან საქართველოში მაკროეკონომიკური გარემო მკვეთრად არის გაუმჯობესებული. საქართველომ მაკროეკონომიკური გარემოს მსოფლიო რეიტინგში 51-ეადგილიდან მე-40 ადგილზე გადაინაცვლა, ამასთან ევროპის საუკეთესო 20-ულში მე-17 ადგილიდაიკავა.

შეგახსენებთ, რომ მაკროეკონომიკური გარემოს მსოფლიო რეიტინგში ყველაზე ცუდი შედეგი საქართველოს 2011-2012 წლის ანგრიშში დაუფიქსირდა. მაშინ ჩვენი ქვეყანა 137-ეადგილზე გავიდა, ანუ ბოლოდან მე-6 პოზიციაზე, რამაც ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მომდევნო 2 წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე.

ფაქტი ერთია, რაც ყველა ეკონომისტმა ზუსტად იცის - თუ მაკროეკონომიკური გარემო მკვეთრად უმჯობესდება, მაშინ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში მთავრობის დადანაშაულება ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია.

იმის კითხვა - თუ ნაცმოძის მმართველობის პირობებში საქართველოს მაკროეკონომიკა უკანასკნელთა შორის უკანასკნელი იყო, რატომ იყო მაშინ ლარის კურსი დღევანდელზე უკეთესი?

პასუხი მარტივია - ნაცმოძის მმართველობის დროს ლარის კურსი ხელოვნურად მყარდებოდა მრავალმილიარდიანი საგარეო ვალის აღებით. ამ ვალის გასტუმრების აქტიური ფაზა კი 2013 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება.

დღეს ლარის გაუფასურების ყველა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი მოხსნილია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრადაა გაზრდილი. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, გაზრდილია საზღვარგარეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები.გაზრდილია ადგილობრივი წარმოების საქონლის და მომსახურების ექსპორტი. შემცირებულია ძირითადად მხოლოდ რეექსპორტის მაჩვენებელი. ყურადღება მინდა გავამახვილო წმინდა ეროვნულ განკარგვად შემოსავალზე, რამაც 2016 წლის მეორე კვარტალში ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა როგორც ლარში, ისე დოლარში (4 მილიარდ 553 მლნ $) ნებისმიერი წლის ნებისმიერ კვარტალთან შედარებით.ამასთან, 2016 წლის პირველ ნახევარში ნებისმიერი სხვა წლის პირველ ნახევართან შედარებით ისტორიულად ყველაზე მაღალი შედეგი დაფიქსირდა წმინდა ეროვნული განკარგვადი შემოსავლების მიღების კუთხით (7 მილიარდ 595მლნ $).

ლარის დევალვაციის მიზეზები:

ბოლო პერიოდში ლარის კურსის მერყეობა არაფუნდამენტურმა ფაქტორებმა განაპირობა: 1.დროის მჭიდრო პერიოდში დაფიქსირებული რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, 2. საარჩევნო ციებ-ცხელების გაჭიანურება. 3. ეროვნული ბანკის განახლებული რეგულაციები.

საქართველო პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და დროის მოკლე პერიოდში განხორციელებულ მსხვილ გადარიცხვებს შეუძლიათ ლარის კურსის მერყეობის გამოწვევა. "თიბისი ბანკის" მიერ "რესპუბლიკა ბანკის" შესყიდვა, პროგრეს ბანკის გასხვისების პროცესი, რამდენიმე ადგილობრივი კომპანიის მიერ ძირითადი საშუალებების და ტექნოლოგიების შესყიდვა, კომერციული ბანკების მიერ საგარეო ვალის დაჩქარებული გასტუმრება და ვალუტის საზღვარგარეთ გადარიცხვა შეიძლება, გახდეს ლარის მოკლევადიანი მერყეობის საფუძველი.

ახლა მინდა დეტალურად განვმარტო ლარის კურსის ცვლილების ის მიზეზიც, რომელიც სათავეს ივნისიდან იღებს.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება ზაფხულში, 2016 წლის 17 ივნისიდან დაიწყო - 1 დოლარის ღირებულება ბლუმბერგზე და სავალუტო ჯიხურებში ერთ დღეში 2.14 ლარიდან მკვეთრად 2.18-ზე ავარდა და ერთ კვირაში 2.34-ის მიდამოში დაბინავდა.

არადა ერ.ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძის მოსვლიდან ვიდრე 17 ივნისამდე საქმე ძალიან კარგად მიდიოდა, ლარი სტაბილურად მყარდებოდა. თითქოს არანაირი წინაპირობა არ არსებობდა ლარის გაუფასურების ახალი ტალღის დასაწყებად. მაგრამ ლარმა მკვეთრი გაუფასურება ზუსტად 17 ივნისს მაინც დაიწყო.

ისმის კითხვა რა მოხდა 17 ივნისს? რამ გამოიწვია დევალვაციის ახალი ტალღა და როდის დასრულდება ეს პროცესი?

2016 წლის 16-17 ივნისიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს 15%-დან 20%-მდე გაეზარდათ დარეზერვების ნორმა უცხოურ ვალუტაში მოსაზიდ მოკლევადიან ვალზე, დეპოზიტებზე და სხვა სავალო ვალდებულებებზე გარდა გრძელვადიანი სესხებისა, ხოლო ადგილობრივ ვალუტაში პირიქით, - შეუმცირდათ 15%-იდან 7%-მდე.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკმა ეს გადაწყვეტილება მიიღო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების და მითითებების საფუძველზე, რომელიც ჯერ კიდევ შარშან იყო გაცხადებული.

რა იყო გადაწყვეტილების მიღების მიზანი?

სავალუტო ფონდის ანალიზის და რეკომენდაციების მიხედვით, კომერციულ ბანკებს დიდი რაოდენობის არაგრძელვადიანი ვალი დაუგროვდა უცხოურ ვალუტაში, რომლის სიჭარბე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად მოქმედებს, აძლიერებს დოლარიზაციას და საგარეო შოკების შემთხვევაში ზრდის ქვეყნიდან უცხოური ვალუტი სწრაფი გადინების რისკს, რაც კიდევ უფრო მძაფრდება გეოპოლიტიკური არასტაბილურობის , ნავთობზე ფასების ვარდნის, დოლარის გამყარების, მეზობელი ქვეყნების ვალუტების ძლიერი დევალვაციის პირობებში.

უკვე 7 წელი მაინც იქნება, რაც სავალუტო ფონდი დაჟინებით ურჩევს ეროვნულ ბანკს ამ ე.წ. „ცხელი ფულის“ შეზღუდვას და ლარიზაციის მხარდაჭერას. კარგი იქნებოდა თუ ეროვნული ბანკი ამ პოლიტიკას 2010 წლიდან დაიწყებდა და დარეზერვების ნორმას დოლარში თანდათანობით წლიურად 1 , ან 2 პროცენტით გაზრდიდა. ამ შემთხვევაში 2016 წლიდან კობა გვენეტაძე არ დადგებოდა გადაუვალი აუცილებლობის წინაშე ერთბაშად 5%-ით გაეზარდა ეს მაჩვენებელი.

აქვე უნდა გავიმეორო, რომ „ცხელი ფულის“ სიჭარბე ფინანსური სტაბილურობის ყველაზე მწავავე პრობლემაა. და ეროვნული ბანკის მიერ 2012-2015 წლებში ფინანსურის სტაბილურობის ანგარიშის გამოუქვეყნებლობა შესაძლოა ამ პრობლემის მიმალვის სურვილით ყოფილიყო გამოწვეული.

მაგრამ ახლა თავი დავანებოთ წარსულს და ავხსნათ თუ რატომ არის კობა გვენეტაძის მიერ გადადგმული პროგრესული ნაბიჯი ლარის დროებითი დევალვაციის მიზეზი?

კომერციული ბანკების საგარეო დავალიანების 55%-ი არის ისეთი ვალი , რომელიც კალასიფიცირდება, როგორც გრძელვადიანი. დანარჩენი 45% კი არის ის ე.წ. „ცხელი ფული“ რომლის შეზღუდვაც განახორციელა გვენეტაძემ სავალურტო ფონდის რეკომენდაციით.

2016 წლის 17 ივნისიდან კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში არაგრძელვადიანი სესხების მოზიდვა მნიშვნელოვნად გაურთულდათ, ისინი უკვე კარგ პირობებს და სარგებლის მაღალ პროცენტებს ვერ პირდებიან კრედიტორებს, შესაბამისად მოკლევადინი ვალის მოზიდვა უკვე საგრძნობლად იზღუდება.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვალის დაფარვის გრაფიკის მიხედვით 2016 წლის მე-3 და მე-4 კვარტალში კომერციულ ბანკებს სულ დასაფარი ჰქონდათ და აქვთ 699 მლნ დოლარი გეგმიურად და დამატებით 468 მლნ დოლარი დაუყოვნებლივ. ანუ საერთო ჯამში 1 მილიარდ 166 მლნ დოლარი. ამ გასასტუმრებელი ვალიდან 85%-ი არის ისეთი ვალი რომელიც არ კლასიფიცირდება როგორც გრძელვადიანი და მისი ჯამური ოდენობა თითქმის 1 მილიარდ დოლარს აღწევს . მართალია, ამ „ცხელი ვალის“ გარკვეული ნაწილის გადაფარვას და გადავადებას კომერციულ ბანკები შეძლებენ, მაგრამ ერ.ბანკის ახალი რეგულაციების ფონზე ეს პროცესი გართულდა. ქვეყნიდან დიდი ფული გადის, რომელიც ადეკვატურად არ კომპესირდება იგივე რაოდენობის ახალი ვალის აღებით ან ვალდებულების გადავადებით.

ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციების ცვლილების შემდეგ კომერციულ ბანკებს გაუორმაგდათ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გეგმიურად დასაფარი არაგრძელვადიანი ვალის მაჩვენებელი.

ეს რომ ასეა და არა სხვაგვარად, მარტივად მტკიცდება:

2015 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით 2016 წლის მეორე ნახევარში კომერციულ ბანკებს გეგმიურად დასაფარი ჰქონდათ $280 მლნ არაგრძელვადიანი საგარეო ვალი(ძირი თანხა), 2016 წლის 31 მარტის მონაცემებით - $259 მლნ, აი 30 ივნისის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი ნახრტომისებურად 2-ჯერ გაიზარდა და $509 მილიონს გაუთანაბრდა. კომერციულ ბანკებს გეგმურად დასაფარი მოკლევადიანი ვალი გაუორმაგდათ, მაგრამ ეს არ მომხდარა ახალი მოკლევადიანი ვალის აღების გამო, რადგან მეორე კვარტალში მოკლევადი ვალი მხოლოდ $30 მლნ-ით გაეზარდათ. დასაფარი ვალის გაორმაგება ეროვნული ბანკის ახალმა ნორმატივებმა განაპირობა, ანუ დარეზერვების ნორმის ცვლილებამ კომერციულ ბანკებს უცხოელი კრედიტორების და მეანაბრეების წინაშე მოკლევადიანი ვალის დაჩქარებული გასტუმრების ვალდებულება ბუნებრივად წარმოუქმნა.

თვალშისაცემია ბოლო პერიოდში რეფინანსირების მოცულობის ზრდა. გაიზარდა ეროვნული ბანკის წინაშე კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება, რომელიც 1 მილირად 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, არადა ეს მაჩვენებელი 2016 წლის ივნისში მხოლოდ 250 მლნ ლარის მიდამოში იყო. კომეციული ბანკების მხრიდან ეროვნული ბანკისაგან დიდი ფული სესხება , შესაძლოა გამოწვეული იყოს საგარეო ვალის მომსახურების გაძლიერების ფონზე ფინანსური რესურსების მოძიების სურვილით. ადვილი შესაძლებელია, რომ კომერციული ბანკების ეროვნული ბანკისგან მიღებულ რეფინანსირებას საგარეო ვალის დაფარვის საკომპესაციოდ იყენებდნენ.

რა ელის ლარს

წელს სრულდება კომერციული ბანკების მიერ მოკლევადიანი ვალის დაჩქარებული გასტუმრების პროცესი. არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ლარზე უარყოფითად მოქმედი პოლიტიკური ფაქტორებიც მოიხსნა. კურსმა, რა თქმა უნდა, გამყარება უნდა დაიწყოს და ეს განსაკუთრებით 2017 წლის იანვრიდან გახდება თვალშისაცემი.

განსაკუთრებით დამაიმედებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, რომელიც 2017 წელს მიმდინარე ფასებში ამერიკულ დოლარში მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 9%-იან (8.6%) ზრდას პროგნოზირებს. გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური გარემოს ფონზე ეკონომიკური ზრდის ტემპების მატება ლარის სტაბილურობის და გამყარების საწინდარია", - წერს მიხეილ დუნდუა.