სოფელ ზვარეში ქართველი მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშების საპროტესტო აქცია ისევ გრძელდება. რამდენიმე ადამიანმა ღამე ღია ცის ქვეშ კომპანია ”23-ე ბიუროს” ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარა.

როგორც დასაქმებული ქართველი მუშები აცხადებენ, ისინი პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, სანამ ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება.

სოფელ ზვარეში ჩინური კომპანია ლიანდაგის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. გუშინ მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ და ჩინელ მუშებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ქართველი მუშა დაშავდა. ისინი სხვადასხვა დაზიანებებით ზესტაფონისა და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ზვარეში მომხდარი ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მოხდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.