ვერეს ხეობაში გაზაფხულზე დარგული ხე-მცენარეების ჩანაცვლების პროცესი დაიწყო

ვერეს ხეობაში გაზაფხულზე დარგული ხე-მცენარეების ჩანაცვლების პროცესი დაიწყო. დღეს გამხმარი ხე-მცენარეების ნაცვლად 200 ძირი კვიპაროსი დაირგო. ჩანაცვლების სამუშაოებს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც ჟურნალისტებს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა განუცხადა, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ”გრინ სერვის +” დამატებითი თანხების გადახდის გარეშე ახორციელებს.

მერიის ინფორმაციით, 2016 წლის საგაზაფხულო გამწვანებითი სამუშაოების პროცესში ვერეს ხეობაში ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ, საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ დაირგო 4700 დეკორატიული მცენარე. იქიდან გამომდინარე, რომ დარგული ხეების ზომა იყო დიდი, მცენარეებს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდათ.

მერიის ინფორმაციით, სამსახურის სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები მცენარეების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდნენ. მათი შეფასებით, მცენარეების 80 %-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ნოემბრის დასაწყისში მცენარეების აღწერის შემდეგ სულ დაფიქსირდა 550 გამხმარი მცენარე.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა გამხმარი ნერგის ჩანაცვლება, რისი ვალდებულებაც აქვს კონტრაქტორ კომპანიას.