საქართველოში 22%-ს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს

აბსოლუტური აბსურდია ის, რომ თითქოს მინიმალური ხელფასის დაწესება გამოიწვევს ინვესტიციების შეჩერებას და დამსაქმებლები გაიქცევიან საქართველოდან , - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა სასტუმრო „ამბასადორში“ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმების შესახებ კვლევა სახალხო დამცველთან ერთად წარადგინა.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი რეალობა არის აბსოლუტურად შეუსაბამო იმ სიტუაციასთან, რაც საკანონმდებლო სივრცეში გვაქვს.

”მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში არის 20 ლარი, ხოლო საჯარო სექტორში -135 ლარი იმ დროს, როდესაც არსებობს კანონი საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით და სახელმწიფოს აქვს შემუშავებული საარსებო მინიმუმი, რომელიც გახლავთ 161 ლარი დღეის მდგომარეობით.

ეს კვლევაც აჩვენებს, რომ საქართველოში 22%-ს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს. აბსოლუტური აბსურდია ის, რომ თითქოს მინიმალური ხელფასის დაწესება გამოიწვევს ინვესტიციების შეჩერებას და დამსაქმებლები გაიქცევიან საქართველოდან. ამ კვლევაში არის რამდენიმე უცხოური, ბრენდული კომპანიის, მათ შორის ”ნაიკის”, ”ადიდასის” და სხვა მოსაზრება, რომლებიც მთავრობას წერენ წერილს, სადაც ნათქვამია, რომ სწორედ იმიტომ იკავებენ თავს საქართველოში უფრო მეტი ინვესტიციისგან, რადგან ქვეყანაში მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად ქაოტური მდგომარეობა”, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე განმარტებით, მინიმალური ხელფასის განსაზღვრით იქნება უფრო მეტი დასაქმებული საქართველოში, სიღარიბე იქნება უფრო ნაკლები და ადამიანებს მიეცემათ საშუალება, მინიმალური ხელფასიდან გამომდინარე დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება.

”ეს ასევე ნიშნავს, რომ არაფორმალური დასაქმება, რომელიც 60%-ს შეადგენს, გამოვა ჩრდილიდან და ბიუჯეტს გაუჩნდება უფრო მეტი საშუალება და უფრო მეტი მოსაკრებელი იქნება სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად.

მსოფლიო ბანკის რეკომენდაციაა, რომ საშუალო ხელფასის 30% უნდა იყოს საქართველოში მინიმალური ხელფასი, რაც დღეის მდგომარეობით 279 ლარს შეადგენს”, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.