ალექსანდრე ჯეჯელავა - ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა რეფორმაზე, თუ როგორ მოეწონება ის მოსწავლეს, სტუდენტს

ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა რეფორმა მიმართული იყოს არა აკადემიურ პრინციპებზე, არამედ ჩვენს დამკვეთებზე,

- ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს პოზიციასთან და ამავე რეიტინგში განათლების მიმართულებით არსებულ შედეგთან დაკავშირებით დასმული კითხვის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

განათლების მინისტრი დარწმუნებულია, რომ რეიტინგები ყველა მაჩვენებლით გაიზრდება და ამას წლები არ დასჭირდება.

”რა თქმა უნდა, კვლევის დეტალებში უნდა ჩავიხედო, მაგრამ ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ყველა რეფორმა მიმართული იყოს არა აკადემიურ პრინციპებზე, არამედ ჩვენს დამკვეთებზე. კომპანია ”ამაზონის” თათბირებზე, ერთი, ყველაზე დიდი სკამი დატოვებულია თავისუფალი და იქ არავინ ჯდება. ”ამაზონის” ხელმძღვანელი თავის თანამშრომლებს ეუბნება, რომ იქ ზის კლიენტი, ყოველთვის, რამეს რომ ფიქრობთ, გაიხედეთ და კლიენტს ჰკითხეთ, მას რა მოეწონებოდა. ჩვენს სათათბიროში იმ სკამზე უნდა იჯდეს მოსწავლე. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა რეფორმაზე ამ თვალსაზრისით, როგორ მოეწონება, მოსწავლეს, სტუდენტს.

მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი რეიტინგები ყველა მაჩვენებლით გაიზრდება და ამას წლები არ დასჭირდება. რა თქმა უნდა, გვექნება ბევრი სადავო. ყველა საკითხს ერთი ადამიანი არ წყვეტს, როცა საქმე განათლებას ეხება, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი. საზეპიროზე გვექნება საუბარი, თუ ელექტრონულ წიგნზე, ერმა უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა გააკეთოს და როგორ”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველომ „კეთილდღეობის ინდექსში“ 149 ქვეყნიდან 84-ე ადგილი დაიკავა და შარშანდელთან შედარებით პოზიციები გაიუარესა. ასეთია ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Legatum Institute-ის რეიტინგის შედეგები. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველო 80-ე ადგილს იკავებდა.

კვლევა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ჩატარდა, აქედან საუკეთესო მაჩვენებლები საქართველოს განათლებისა (54-ე ადგილი) და სახელმწიფო მართვის (54-ე ადგილი) ინდექსში აქვს. ყველაზე უარესი მაჩვენებელი კი - სოციალური კაპიტალის (139-ე ადგილი) ინდექსში. სხვა მაჩვენებლების თანახმად, ეკონომიკური ხარისხის ინდექსში საქართველომ 94-ე, ბიზნეს გარემოს - 66-ე, ჯანდაცვის - 96-ე, უსაფრთხოებისა და დაცულობის - 78-ე, გარემოს ინდექსში კი 124-ე ადგილი დაიკავა.

კეთილდღეობის ინდექსის ტოპ ხუთეულში მოხვდნენ ახალი ზელანდია, ნორვეგია, ფინეთი, შვეიცარია და კანადა. ბოლო ადგილები რეიტინგში დაიკავეს კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, სუდანმა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, ავღანეთმა და იემენმა.