”საფინანსო კომპანია საქართველოს” კლიენტები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ

”საფინანსო კომპანია საქართველოს” დაკეტილ კართან შეკრებილი მეანაბრეები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

მეანაბრეები აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც კომპანია სახელმწიფოს 5%-იან დღგ-ს უხდიდა, ახლა მთავრობას არ აქვს უფლება, ხალხი ასეთ მდგომარეობაში მიატოვოს.

”საფინანსო კომპანია საქართველოსთან” შეკრებილი მეანაბრეები არ გამორიცხავენ, რომ ჯგუფური შეკრებები დაგეგმონ.

ნაწილი კი კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ამბობს, რომ სიტუაცია 3-6 თვეში დარეგულირდება, თუმცა ასევე იმასაც აცხადებენ, რომ მეანაბრეებს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდებათ.

”საფინანსო კომპანია საქართველო” ორი თვეა მეანაბრეებს კუთვნილ პროცენტს ვერ უხდის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სებ-მა კომპანიას სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა რამდენჯერმე მოსთხოვა. გასულ კვირას კი ეროვნულმა ბანკმა ”საფინანსო კომპანია საქართველოს” ფართო მასებიდან თანხების მოზიდვა აუკრძალა.