„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ზვარეს ინციდენტის მონაწილე ჩინეთის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი ზვარეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 2 ნოემბერს ადგილი ჰქონდა მცირე კონფლიქტს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, დავის მიზეზი გახლდათ მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ უკანონო მითვისების ფაქტი. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ყურადღებას ვამახვილებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოჭრილი მერქნული რესურსი ეკუთვნის გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტს და მის შენახვასა და გადაცემაზე პასუხისმგებელია ჩინური მხარე. მომდევნო დღეს მოხდა კონფლიქტის ესკალაცია, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სამწუხაროდ, ორივე მხრიდან არიან დაზარალებულები.

მასობრივი მედიის საშუალებებით ვრცელდება მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია, თითქოს ჩინელმა მუშებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კიდევ ერთელ ვაფიქსირებთ, რომ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება როგორც ქართველ, ისე ჩინელ თანამშრომლებს. კონფლიქტის ინიცირების შესახებ არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ და დროულად მოახდენენ ყველა მონაწილე პირისგან ჩვენებების აღებას და მიუკერძოებლად ჩაატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს. სანამ არ დადგინდება საქმეზე ჭეშმარიტება, კატეგორიულად მოვითხოვთ, გათავისუფლდნენ დაკავებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა ჩინეთის საელჩოს. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება ჩატარდება გამჭვირვალედ და სამართლიანად და ზემოხსენებული ინციდენტი გავლენას არ მოახდენს ჩვენი ქვეყნების მეგობრულ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.