გორში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, გორში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ იოსებ ოქრომელიძესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.

უწყების ინფორმაციით, კომპანია ,,ჯეოკონცენტრატს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ 20 067 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად გადასცა და კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო შექმნა. საწარმოში ჯამში განხორციელდა 1 200 000 ლარის ინვესტიცია, აქედან 650 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარებისა და გაფართოებისთვის.

,,საქართველოს ძლიერი გადამამუშავებელი აგრომრეწველობის ტრადიცია აქვს. შიდა ქართლი ამ კუთხით ყოველთვის გამორჩეული რეგიონი იყო. ქვეყანას აქვს რესურსი ნედლეულის - ხილის და ბოსტნეულის წარმოებისთვის, რისი ათვისებაც მაქსიმალურად უნდა მოხდეს და გადამამუშავებელი წარმოება განვითარდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნა 18 ახალი და გაფართოვდა 64 საწარმო. რეგიონში გახსნილ ახალ საწარმოებში ჯამში 8,391,023 აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პროექტების ფარგლებში შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოები ადგილობრივი, რეგიონული ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს. სწორედ ეს არის სოფლის განვითარების წინაპირობა.

როგორც კომპანია ,,ჯეოკონცენტრატის“ დამფუძნებელმა, ივანე გოგლიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საწარმოში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. სეზონურად დამატებით 25 ადამიანის დასაქმება მოხდება.

,,საწარმოს სიმძლავრე დღეში 10 000 - 12 000 ქილა კომპოტისა და მწნილის წარმოება იქნება. 2017 წელს დაგეგმილი გვაქვს დამატებითი ხაზებისა და დანადგარების დამატება და წარმოების გაზრდა“, - განაცხადა შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ დამფუძნებელმა.

უწყების ცნობით, კომპანია წარმოებულ პროდუქციას სახელით - ,,ბენეფიტ ბატონო“ გამოუშვებს. პირველ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილებრივ ბაზარზე მოხდება. 2017 წლიდან პროდუქცია ექსპორტზე გავა.

შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ საწარმო გამოუშვებს ჯონჯოლის, კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, კომბოსტოს, ნივრის მწნილებს, ასევე ჟოლოს, ალუბლის, თეთრი ბლის, ატმის, შინდის, ღოღნოშოს, მარწყვის, ფეიხოიას, ვაშლის, კომშის, ტყემლის კომპოტებს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს.