გამყოფ ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს სწავლის დაფინანსება გაუგრძელდებათ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ სხდომა გამართა.

როგორც  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან იუწყებიან, სხდომას სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდნენ. კომისიის წევრებმა გაწეული სამუშაო შეაჯამეს და უახლოესი თვეების კონკრეტული გეგმები შეათანხმეს. აღინიშნა, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების უმეტეს ნაწილში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია. გადაწყდა, რომ ამ სოფლების მოსახლეობა ზამთრის სეზონზე მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის დასაფარად 200 ლარიან დაფინანსებას მიიღებს. დღევანდელ სხდომაზე, ასევე, გადაწყდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაგრძელდება უმაღლეს სასწავლებლებში იმ სტუდენტების სწავლების დაფინანსება, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ.

„წელს ამ დახმარებით 750 სტუდენტი სარგებლობს და ეს ამ ოჯახებისთვის ხელშესახები შეღავათია. ასევე მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონზე გათბობასთან დაკავშირებული დახმარების გაწევა. სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა და ამ მოსახლეობაში ოკუპირებული რეგიონების და დევნილ მოსახლეობასთან ერთად, რა თქმა უნდა, იგულისხმებიან გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები. ისინი ყოველდღიურად განიცდიან მოუგვარებელი კონფლიქტის და ოკუპაციის სიმძიმეს და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მათ საჭიროებებზე პრიორიტეტულად რეაგირებას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.